რა მოხდა წლების წინ საბურთალოზე – რატომ განთავსდა ყოფილ აბანოში პოლიციის შენობა

თბილისური ამბების შესახებ, ჟურნალ „ნიანგის“ საპატიო პრეზიდენტი ჟანი სიხარულიძე, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
ჟანი სიხარულიძის ინფორმაციით, ჟვანიას (გაგარინის) მოედანზე არსებულ პოლიციის შენობაში წლების წინ, აბანო იყო. თუ რატომ გახდა აუცილებელი აბანოს შენობაში პოლიციის განყოფილების განთავსება, ამის შესახებ ჟანი სიხარულიძე გამოცემასთან საუბრობს.
„მიცკევიჩის ქუჩაზე, მილიციის განყოფილების თავზე, თბილისელი კოლორიტი, გამომგონებელი და მოცურავე გივი დონაძე ცხოვრობდა. მილიციის ოთახიდან ყოველდღე განუწყვეტელი ჩხუბი ისმოდა. გივი ისე იყო შეწუხებული, საჩივრებს სად აღარ წერდა- მომაცილეთ ეს მილიციაო. მორიგი ჩხუბის დროს განყოფილებაში პიჟამოთი შევიდა და ერთი ამბავი ატეხა, აღარ უნდა გაჩერდეთო?! მორიგემ გვარი და სახელი ჰკითხა. გივი დონაძე ვარო. აჰ, მომჩივანი დონაძე ხარო? გივი კამერაში შეაგდო და დილამდე გააჩერა. დილით უფროსს მოახსენეს, გივი დონაძე დავიჭირეთო. უფროსი გადაირია, ახლავე გამოუშვითო. გაუშვეს. გივი იმავე დღესვე მოსკოვში გაფრინდა, ამერიკის საელჩოსთან მივიდა და ჭიშკრის გაღებას დაელოდა. კარი რომ გაიღო, ამან დრო იხელთა და საელჩოს ეზოში შევარდა. პარტიის მანდატი ისროლა და ყვირილი ატეხა. მთელი მოსკოვი ფეხზე დადგა. ამ ამბავმა ბრეჟნევის ყურამდეც მიაღწია. 1972 წლის ოქტომბერი იდგა, ედუარდ შევარდნაძე სათავეში ახალი მოსული იყო. ბრეჟნევი თბილისში ურეკავს, თქვენი მოქალაქეებისთვის რატომ ვერ მოგივლიათო. გადაირია შევარდნაძე, დაიბარა მილიციის განყოფილების უფროსი და სასწრაფოდ მიცკევიჩის ქუჩიდან გადასვლა უბრძანა. მართლაც იმ ადგილზე გაუქმდა განყოფილება და გაგარინის მოედანზე მდებარე აბანო მილიციად გადააკეთეს. დღესაც იქ არის ეს შენობა. გივი დონაძეს კი ბახტრიონზე სამოთახიანი ბინა მისცეს და დააშოშმინეს. ამ ბინაშივე დაოჯახდა და 2008 წლის სექტემბერში გარდაიცვალა,“ – ამბობს ჟანი სიხარულიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში, სადაც იგი ძველი თბილისური ამბების შესახებ საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები