სპეცოპერაცია „აიკონ II“-ის დეტალები – ექსკლუზიური ინტერვიუ კრიმპოლის დირექტორთან

ესპანეთში ქართველების მასობრივი დაკავების დეტალებზე გაზეთი „პრაიმტაიმი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა, მკითხველს ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, დავით ნატრიაშვილთან ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს.
„მსოფლიო გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ორგანიზებული დანაშაული ხშირ შემთხვევაში სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს. ამიტომ მთავარი, ამ პრობლემის დასაძლევად, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება და საპოლიციო თანამშრომლობაა. საქართველოს შს სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს აღნიშნული მიმართულების განსავითარებლად. ბოლო პერიოდში ჩვენი თანამშრომლობა პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან თვისობრივად ახალ სტადიაზე გადავიდა.
ევროკავშირის 15 ქვეყანასთან ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შევქმენით საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი და 13-მდე გავზარდეთ პოლიციის ატაშეების რაოდენობა, რომლებიც თითქმის მთელ ევროპას ფარავენ.
საგულისხმოა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციის ატაშე წარვგზავნეთ, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული სწრაფად იხსნება და დანაშაულის ჩადენის ტენდენციაც კლებადია. საერთოდ, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფორმაციას ენიჭება. სწორედ ინფორმაციის გაცვლისა და ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმე გაიხსნა.
რაც შეეხება თქვენს კითხვას ესპანეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ, რომელიც მიმართული იყო ადგილზე ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ, ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული. სპეცოპერაცია, სახელწოდებით „აიკონ II“, 2016 წლის 29 ნოემბერს, ესპანეთის ოთხ ქალაქში: მადრიდში, ბილბაოში, სევილიასა და ბარსელონაში ერთდროულად ჩატარდა. აღნიშნული სპეცოპერაციის მომზადების პროცესში, საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ 2015 წლის 21 იანვრის შეთანხმების საფუძველზე, თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინფორმაციის გაცვლა ქართველ და ესპანელ სამართალდამცველებს შორის. საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ესპანელ კოლეგებს მიაწოდა ჩვენს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, სავარაუდო დამნაშავეთა კრიმინალური კავშირების, კრიმინალური წარსულის, ნასამართლობის შესახებ, თითის ანაბეჭდები და სხვა.
29 ნოემბერს, გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, მთელი ღონისძიების განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პოლიციის ატაშე ესპანეთის სამეფოში, რომელიც, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებდა ესპანელი კოლეგების მხარდაჭერას. როგორც თქვენთვის ცნობილია, აღნიშნულ ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის პოლიციის ატაშე ესპანეთში და ევროპოლი.
ამ ეტაპისთვის, აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად, ესპანეთის ოთხივე ქალაქში დაკავებულია საქართველოს 45 და უცხო ქვეყნის 20 მოქალაქე. ქართველი დამნაშავეების იდენტიფიცირება ჩვენ უკვე მოვახდინეთ, დადგენილია მათი ვინაობა და დანაშაულებრივი საქმიანობის დეტალები. მათი უმეტესობა ბრალდებულია ბინის ქურდობებსა და დოკუმენტების გაყალბებაში“,-განაცხადა ნატრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები