„თბილისის ბაროკო ფესტივალი“: განსაკუთრებული კონცერტი ჟან რონდოსთან ერთად

„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ გრძელდება. 5 დეკემბერს, 19:30 საათზე,  ქართველ მსმენელს განსაკუთრებული კონცერტი ელოდება.
როგორც კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, რუსთაველის მცირე დარბაზში ფრანგული კლავესინის მოყვარულები მოუსმენენ ფრანგ ვირტუოზ კლავესინისტს – ჟან რონდოს, რომელიც კონცერტის პირველ განყოფილებაში სოლო პროგრამით წარდგება აუდიტორიის წინაშე და ფრანგულ ბაროკოს შესთავაზებს, ხოლო მეორე განყოფილებაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად შეასრულებს ქართველი მსმენელებისთვის ძალიან საყვარელ და პოპულარულ ნაწარმოებს, იოჰან სებასტიან ბახის კონცერტს – კლავესინისა და სიმებიანი ორკესტრისათვის რე მინორი.15354208_10207382864602034_2067243475_o
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ინსტრუმენტი, რომელზეც დაუკრავს ფრანგი კლავესინისტი ჟან რონდო.  ეს არის საქართველოში არსებული ერთადერთი კლავესინი, რომელიც თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით 2012 წელს შეიძინა.  ეს ინსტრუმენტი  საფრანგეთის მეფე – ლუდოვიკ XIV-ის კლავესინის ასლია, რომელიც დამზადებულია უილიამ დაუდის მიერ, 1978 წელს პარიზში. სწორედ ამ უნიკალურ და ულამაზეს ინსტრუმენტზე შესრულდება 5 დეკემბერს ფრანგული ბაროკო.
ჟან რონდო  ბლანდინე ვერლეტთან ათი წელი სწავლობდა კლავესინზე დაკვრას, რის შემდეგაც დაეუფლა basso continuo-ს, ორგანს და ფორტეპიანოს; ამას მოჰყვა გაკვეთილები ჯაზსა და იმპროვიზაციაში, კომპოზიციასა და დირიჟორობაში. ჟანი ატარებს კვლევებს პარიზის კონსერვატორიაში,  რომელიც წარჩინებით დაამთავრა. ასევე წარჩინებით აქვს დამთავრებული Guildhall School of Music and Drama ლონდონში, სადაც ჟიურიმ მიანიჭა გამორჩეული კლავესინისტის და basso-continuo-ს შემსრულებლის ჯილდო. ჟან რონდო არის მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული, როგორიცაა კლავესინის საერთაშორისო კონკურსი ბრუგეში (MAfestival 2012), კლავესინის საგაზაფხულო საერთაშორისო კონკურსი პრაღაში (2012); The Prix des Radios Francophones Publiques (2013);  კონკურსზე The Victoires de la Musique Classique მიანიჭეს ჯილდო „ინსტრუმენტალისტი – წლის აღმოჩენა“ (2015). მასზე, როგორც სოლო და კამერული მუსიკის შემსრულებელზე დიდი მოთხოვნაა მთელი ევროპის, ამერიკისა და აზიის მასშტაბით. ჟანი ხშირად გამოდის  ბაროკო კვარტეტ Nevermind-თან ერთად.  მომავალ საკონცერტო სეზონზე დაგეგმილი აქვს კონცერტები ანსამბლებთან Les Violons du Roy, Les Folies Françoises,  შტუდგარტის კამერულ ორკესტრთან  და ლილიის ეროვნულ ორკესტრთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ვარსკვლავი: ჟან რონდო (კლავესინი, საფრანგეთი) ქართველი მუსიკოსებისთვის მასტერკლასს  ჩაატარებენ. მასტერკლასზე დასწრება თავისუფალია, ხოლო მუსიკოსებს მონაწილეობის მისაღებად  შეუძლიათ ჩაეწერონ წინასწარ (514 177-117).
ბილეთები იყიდება რუსთაველის და „სინფონიეტა სთეიჯის“ (სანაპიროს ქ. №4, შენობა 2) სალაროებში, აგრეთვე ონლაინ: www.biletebi.ge .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები