საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების გამო და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ზიანს აყენებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ერთობლივ პრესრელიზში.
პრესრელიზს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადების თანახმად, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ე.წ. შეთანხმებას ისევე, როგორც მანამდე რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთის რეგიონს შორის დადებულ ე.წ. შეთანხმებას „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთის რეგიონთან გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“ ევროკავშირისთვის სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნია.
”ეს ე.წ. შეთანხმებები არღვევს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპს.
ასოცირების საბჭომ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების შემდგომი საიმპლემენტაციო ზომები და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაშვება. მხარეებმა შეშფოთება გამოხატეს აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებისა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის, კუთხით არსებული ვითარების გამო”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ასოცირების საბჭომ დაადასტურა საზოგადოების ფართო ჩართულობის პოლიტიკის გაგრძელებისა და ინტენსიფიკაციის მნიშვნელობა და საქართველოს მოუწოდა, გააგრძელოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობასთან კომუნიკაციისკენ მიმართული ძალისხმევა.
”ასოცირების საბჭომ აღნიშნა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ხალხთა შორის კონტაქტებისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების შემდგომი ხელშეწყობის, ასევე შერიგების წამახალისებელი ნაბიჯების მნიშვნელობა.
ევროკავშირმა გამეორებით დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისა და კონფლიქტის გადაწყვეტისადმი. ამ მიზნით, ევროკავშირმა მზაობა გამოხატა, რომ ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის არაღიარებისა და საქართველოში ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის მედიაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ამ მხარდაჭერის თვალსაჩინო და არსებითი გამოხატულებაა.
ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გადამწყვეტ მნიშვნელობას საქართველოში კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირებისა და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით. საბჭო ასევე თანხმდება, რომ სრულფასოვნად მოქმედი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები აუცილებელია ადგილზე ნდობის, პროგნოზირებადობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-3 სხდომა გაიმართა. ასოცირების საბჭო წარმოადგენს უმაღლეს ფორმალურ ორგანოს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგისა და საერთო ინტერესებში არსებული საკითხების განხილვის მიზნით.
ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი. საქართველოს მთავრობის წევრებისგან შემდგარ დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები