ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „Art-გენის“ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი ჟურნალ „Art-გენის“ ახალი ნომრის პრეზენტაციას უმასპინძლებს.
ჟურნალის მერვე ნომრის პრეზენტაცია, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკისა და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით გამოიცა, ხვალ, 12:30 საათისთვისაა დაგეგმილი.
ჟურნალი ორენოვანია (ქართულ–ინგლისური) და საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.
ჟურნალ „არტ-გენის“ დამფუძნებლის თამრიკო მელიქიშვილის ცნობით, ახალი ნომერი საკმაოდ მრავალფეროვანია და ხელოვნების მრავალ დარგს მოიცავს.
„ერთ-ერთი რუბრიკა ეთმობა „საოჯახო არქივს,“ რომელიც მკითხველს აცნობს ოჯახებში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებს, რელიკვიებს, ისტორიებს და სხვა სახის საინტერესო მასალებს, რომლებსაც საზოგადოება მანამდე არ იცნობდა. გამოქვეყნებულია ასევე ისტორიები იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ყოველგვარი ხმაურის გარეშე ქმნიან უნიკალურ და საინტერესო ნამუშევრებს. აგრძელებენ ქართულ ტრადიციებს და გვინარჩუნებენ ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ისინი ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ცნობილები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ.
უბრალოდ უყვართ თავისი საქმე. ფესტივალმა „არტ-გენმა“ 13 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი აღმოაჩინა. ჟურნალის გამოცემის იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. 2010 წელს საორგანიზაციო ჯგუფმა გადავწყვიტეთ, ვიდეო და აუდიო არქივის გარდა, რომელსაც 2004 წლის შემდეგ, ფესტივალების და ექსპედიციების შედეგად „არტ-გენი“ ქმნის, ბეჭდური საარქივო მასალაც შეგვექმნა. წელს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით რუბრიკების რაოდენობაც გაიზარდა. ჟურნალში ცალკე რუბრიკა ეთმობა ასევე ხელნაწერთა ცენტრის პოპულარიზაციას. ყოველ ნომერში წარმოდგენილია რამდენიმე ხელნაწერი თავისი ისტორიის თანხლებით“-აღნიშნავს ფესტივალ „არტ-გენის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და ჟურნალის დამფუძნებელი თამრიკო მელიქიშვილი.
ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორც საქართველოს ერთ–ერთი კულტურის ცენტრი, 2014 წლიდან ფესტივალ „Art-გენის“ პარტნიორი ორგანიზაციაა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და „Art-გენის“ თანამშრომლობის ფარგლებში ერონულ ბიბლიოთეკაში ეთნოდარბაზი გაიხსნა, სადაც შეგროვილი უნიკალური ეთნომასალების გაცნობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები