“2500 ლარის გამო ძაღლივით მოკლა” – გარდაცვლილის ოჯახი ბრალდებულის დასჯას ითხოვს

სენაკში მოკლული შუა ხნის ქალის ოჯახი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, 61 წლის ეკა ფარულავას მკვლელობაში ბრალდებული ქეთევან ლომია წარსულში ნასამართლევია.
„2500 ლარის გულისთვის ძაღლივით მოკლა დედაჩემი. დაიბარა, მოდიო ჩეთან ბინაშიო. რომ მივიდა ეტყობა იქ არავინ არ იყო და ჩაუკეტია კარები. ეტყობა იარაღს ხმა არ ჰქონდა, არავის გაუგია გასროლის ხმა. პირველი ტყვია ყურის არეში მოახვედრა, მერე მკლავზე, მერე გულზე და არ დატოვა ადგილი დაცხრილა. ეს არის მანიაკი. ამას ადამიანი არ იზამს“, – განაცხადა გარდაცვლილი ეკა ფარულავას ქალიშვილმა.
მკვლელობის დეტალებზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებს. მოკლულ ეკა ფარულავას ბრალდებულ ქეთევან ლომიას 2500 ლარი მართებდა, ფარულავა თანხას დიდი ხნის განმავლობაში ვერ იხდიდა და მას რამდენჯერმე თანხის გადახდას უგვიანებდა.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა სენაკის ცენტრში, უსინათლოთა თავშესაფრის შენობის წინ გუშინ გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივები მკვლელობაში ბრალდებულს დადებითად ახასიათებენ და მომხდარით გაკვირვებულები არიან.
არსებული ინფორმაციით, ქალბატონებს შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა გარდაცვლილს მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან 7-ჯერ ესროლა. ეკა ფარულავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„კვირას“ ინფორმაციით, ბრალდებული 63 წლის ქეთევან ლომია ორგანიზაცია „უსინათლოთა საზოგადოების“ ყოფილი დირექტორია, გარდაცვლილი კი მოვაჭრე.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული ქეთინო ლომაია დაკავებულია. იგი სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები