იაკობ ნიკოლაძე 140 – გამოფენა და ალბომის წარდგინება გაიმართა

იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნ–ალბომის წარდგინება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
 გამოფენაზე, რომელიც 28 თებერვლამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია დოკუმენტური და მემორიალური მასალა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივისა და კერძო კოლექციებიდან. გამოფენის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციების ციკლი იაკობ ნიკოლაძისა და ქართული ქანდაკების შესახებ.
 წიგნ–ალბომი „იაკობ ნიკოლაძე 140“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა.
 იაკობ ნიკოლაძე თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებელია. ის მხატვრობაში XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც საქართველო ევროპული კულტურის წიაღში დაბრუნებას იწყებდა და ქვეყანაში მრგვალი ქანდაკების წარმოშობის იდეა გაჩნდა.
 იაკობ ნიკოლაძე XX საუკუნის პირველი მეოთხედის განმავლობაში ერთადერთი მოქანდაკე იყო საქართველოში. გარდაცვალების შემდეგ მან დატოვა ქანდაკების სკოლა, მოქანდაკეების აღზრდილი თაობები და შემოქმედება, რომელიც დღემდე ქართული პლასტიკის უდიდეს სიამაყედ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები