მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველოს პოზიცია 5 ადგილით გაუმჯობესდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის(Global Enabling Trade Report) 2016 წლის რეიტინგში საქართველომ გააუმჯობესა პოზიცია და დაიკავა 41-ე ადგილი, 2014 წელთან შედარებით პოზიცია გაუმჯობესდა 5 ადგილით.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (Global Enabling Trade Report) რეიტინგში 136 ქვეყნის შეფასება ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება.
მათივე ინფორმაციით, რეიტინგი აფასებს ეკონომიკურ ინსტიტუტებს, პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას და სერვისებს, რომელიც ხელს უწყობს საქონლის თავისუფალ მოძრაობას საზღვრებს მიღმა და დანიშნულების ადგილამდე. ასევე ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრაციის დონეს და პოტენციალს. რეიტინგი შედგება 7 კომპონენტისგან, რომელთაგანაც თითოეული, თავის მხრივ, ფასდება სხვადასხვა ინდიკატორებით.
საქართველოს პოზიცია 2016 წლის რეიტინგში გაუმჯობესდა შემდეგ კომპონენტებში: უცხოურ ბაზრებზე ხელმისაწვდომობა – 30 ადგილით, აღნიშნული გაუმჯობესება დაკავშირებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან (კერძოდ DCFTA -ის კომპონენტის). აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, როდესაც რეიტინგში აისახება საქართველო-ჩინეთს შორის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკების შედეგები. სასაზღვრო ადმინისტრაციის ეფექტურობა და გამჭირვალობა – 2 ადგილით, აღნიშნულ კომპონენტში გაუმჯობესება დაკავშირებულია გაფორმების პროცედურების ეფექტიანობის ზრდასთან, ასევე ექსპორტისთვის საჭირო დროისა და დანახარჯის შემცირებასთან 2014 წელთან შედარებით.
სატრანსპორტო სერვისები და მათი ხარისხი – 3 ადგილით, აღნიშნული კომპონენტის გაუმჯობესება დაკავშირებულია გადაზიდვის ხელმისაწვდომობის ზრდასა და ტარიფის შემცირებასთან, ასევე საფოსტო მომსახურების ეფექტიანობის ზრდასთან. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათი ხარისხი – 5 ადგილით, გაუმჯობესდა ელექტრონული კომუნიკაციების მოცვის მაჩვენებელი (მობილური ტელეფონების მოსარგებლეთა რაოდენობა), ასევე გაიზარდა სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ხარისხი და რაოდენობა. ოპერაციული გარემო – 17 ადგილით, აღნიშნული წინსვლა დაკავშირებულია საკუთრების უფლების დაცვის მიხედვით საქართველოს პოზიციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებასთან (111 ადგილიდან 64-ე ადგილამდე), ასევე გაუმჯობესებულია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობა ( 25 დან 20-ე პოზიციამდე) და ფინანსურ რესურსებსა და სერვისებზე წვდომის მაჩვენებელი. ანგარიშის მიხედვით, საქართველო იყო და არის ლიდერი ევრაზიის ქვეყნებში, როგორც 2014 წელს (მაშინ ბოლო ადგილზე იყო რუსეთი), ისე 2016 წელსაც (ბოლო ადგილზეა ყირგიზეთი).
“საქართველო განაგრძობს საკუთარი პოზიციების გამყარებას რეგიონში და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. საქართველოს პოზიცია რეიტინგში 5 ერთეულით უმჯობესდება 41-ე პოზიციამდე, მაშინ როდესაც რეგიონში წინსვლა ამ მხრივ არ შეინიშნება. საქართველო არის რეგიონის ლიდერი ინდექსის ყველა კომპონენტში ტრანსპორტის გარდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ინდექსის ზოგადი შედეგები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის შეფასებასთან, რომლის მიხედვით ასევე უმჯობესდება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში ინტეგრაციის ხარისხი და პოტენციალი. ბიზნესის კეთების ინდექსის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს პოზიცია საზღვრებს მიღმა ვაჭრობის კომპონენტში წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა და დაიკავა 54-ე ადგილი, 2016 წელს იკავებდა 62-ე ადგილს. 2017 წლის რეიტინგში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ექსპორტის და იმპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭირო დრო და ხარჯები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები