გიორგი ცუცქირიძე დოლარის სესხების ლარში გადაყვანაზე მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

0

„საქართველოს ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე დოლარის სესხების ლარში გადაყვანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმა შეაფასა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პუნქტი, კერძოდ, 2015 წლის იანვრამდე დოლარში გამოტანილი სესხების ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა, სესხის მქონე ადამიანებს იმ ტვირთს მოუხსნის, რაც კურსის ნებისმიერ ცვლილებას უკავშირდება. გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, თუ გვინდა ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი იყოს, ფულის მასა კი არ უნდა შევკუმშოთ, პირიქით, უნდა გავზარდოთ, ანუ ეკონომიკას მეტი ფული მიეწოდოს.
„აქედან გამომდინარეა ის, თუ ჩვენს რას ვირჩევთ. თუ გვინდა გვქონდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, არ უნდა ვიყოთ ჩაციკლული მხოლოდ ლარის კურსზე. ამიტომ მე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ორ ნაწილად დავყოფ. პირველი ეს არის ის, რომელსაც დაერქვა სოციალური აქცია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, ვისაც აქვს სესხი დოლარში აღებული და ეს ეხება ძირითადად იპოთეკურ სესხებს, მათ საკმაოდ სერიოზულ სოციალურ ტვირთად აწევს კურსის ნებისმიერი ცვლილება. ამიტომ ეს სოციალური აქცია, რაც მთავრობის მიერ გაცხადდა, ამ ადამიანებს მოუხსნის ტვირთს, რაც კურსის ცვალებადობასთან არის დაკავშირებული და ვთვლი, რომ კარგია და ნორმალურია, რადგან მთავრობას, კერძო სტრუქტურისგან განსხვავებით, უფრო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია. ამიტომ თუ ეს ტვირთი მოიხსნება ეკონომიკისთვისაც კარგია, რადგან ბევრი ადამიანი იყო ამ პრობლემის წინაშე“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
რაც შეეხება მთავრობის მიერ სესხის ლარში გადატანისთვის გამოყოფილ სუბსიდირებას, გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ბევრ ქვეყანაში მომხდარა, როდესაც მთავრობა ჩარეულა არა მარტო სესხების გალარებაში, არამედ განულებაშიც კი. „ეს არის გარკვეული სოციალური გადასახადი, რომელსაც მთავრობა თავის მოქალაქეებს უხდის, თუმცა როცა ხდება ხოლმე ასეთი ღონისძიებები, არის ექსპერტების ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ეს ნაკლებსამართლიანია, რადგან ბიუჯეტიდან ხდება გადახდა“, – განაცხადა ცუცქირიძემ. მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილების მეორე ნაწილი, ეს არის დედოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამ კუთხით ცუცქირიძემ იმ პუნქტს გაუსვა ხაზი, რომლის თანახმადაც, 2017 წლიდან 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. „ჩემი აზრით, მხოლოდ ამ მიმართულებით ცვლილება არ არის საკმარისი. არანაკლებ სერიოზული პრობლემაა თითონ ფასთწარმოქმნა. როცა ფუფუნების საგნებზე, როგორიცაა ბინები, ავტომობილები და სხვა ძვირადღირებული საქონელი იყო დოლარში, ამიტომ ქვეყანას თუ უნდა ლარიზაციის სერიოზული მიღწევა, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი ნაბიჯი“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
ის მიიჩნევს, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს რეინდუსტრიალიზაციის სტრატეგიაზე, რასაც ბევრი ახალ ინდუსტრიულ პოლიტიკასაც უწოდებს. „ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მაღალი ტემპებით არა მხოლოდ ეკონომიკა უნდა ვზარდოთ, არამედ ეკონომიკის სექტორალური გადაიარაღება მოვახდინოთ. ამისთვის პირველი ეტაპია ის, რომ მოხდეს გარკვეულწილად იმპორტდამოკიდებულის შემცირება. ანუ ჩვენ გამოვუშვათ ჩვენი პროდუქცია, რომელიც, ერთი მხრივ, ჩაანაცვლებს იმპორტულ საქონელს, მეორე მხრივ, გავა ექსპორტზე“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება ისიც არის, რომ მოხდეს ადგილობრივი წარმოების სტიმულირება.

კომენტარები

კომენტარი