თბილისში გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე  სკვერში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.  სკულპტურა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძესთან ერთად გახსნა.
საქართველოს ეროვნული გმირის, დაუმარცხებელ გენერლად წოდებული გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტის ავტორი  მოქანდაკე გენადი ზაქარაიაა.
დავით ნარმანიას განცხადებით, გენერლის განუზომლად დიდი ღვაწლი და გმირობა  დაფასებას იმსახურებს და ძეგლის გახსნა, სიმბოლურად, ამის დასტურია.
„გენერალი მაზნიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე თავდადებით იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი. სწორედ მისი გმირული ღვაწლის დაფასების მიზნით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და თბილისის მერიის ორგანიზებით, დაიდგა მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც არის სიმბოლო გამარჯვებისა. ასევე, სიმბოლო იმისა, რომ არასოდეს არ დავიხიოთ უკან, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მტერი,“ –  განაცხადა თბილისის მერმა.
გიორგი მაზნიაშვილი 1871 წელს კასპის რაიონში, სოფელ სასირეთში დაიბადა. იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაზნიაშვილი მეფის არმიაში მსახურობდა. იგი მონაწილეობდა   პირველ  მსოფლიო ომში, ასევე, რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში.  გიორგი მაზნიაშვილი  ჯერ მე-11 არმიის, შემდეგ კი თურქების წინააღმდეგ იბრძოდა, რის შედეგადაც ქართველებმა ბათუმი და მისი ოლქი დაიბრუნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაზნიაშვილი საფრანგეთში, ემიგრაციაში, ცხოვრობდა. 1937 წელს იგი  დააპატიმრეს და შვილთან, ივანე მაზნიაშვილთან ერთად, გასამართლების გარეშე დახვრიტეს.  მისი საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
„მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი!” – ეს სიტყვები გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის.
ღონისძიებას მერის მოადგილეები ნინა ხატისკაცი და გიგა ნიკოლეიშვილი,  კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, საკრებულოს დეპუტატები და გენერლის შთამომავლები  ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები