გენადი არველაძე: საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, დღეს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს საქართველოს ასოცირების შესახებ, დადებითად აფასებს.
არველაძის თქმით, ანგარიშის თანახმად, საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანადაა მიჩნეული და რეფორმები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, დადებითად ფასდება.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდა.
“მნიშვნელოვანი ანგარიშია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ ეტაპზე გადავედით ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით, რაც გულისხმობს იგივე პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას ევროკავშირთან“,- აღნიშნა საუბარში არველაძემ.
ევროკომისიამ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პირველი ანგარიში სამშაბათს გამოაქვეყნა. ანგარიში 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში მიღწეულ პროგრესს ასახავს.
ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი ანგარიში ასახავს საქართველოს მიერ თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა თუ ინიციატივებს, რის შედეგადაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდა.
დოკუმენტში ევროკავშირი ცალსახად უსვამს ხაზს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და პოზიტიურად აფასებს ქართული მხარის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულ თანხვედრაშია 6 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ პრესის თავისუფლება გარანტირებულია არსებული სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე; დადებითად აფასებს სასამართლო სფეროში გატარებულ რეფორმებს, რაც ხელს უწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას, პროფესიონალიზმსა და ეფექტიანობას. ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას, ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, გაატაროს საჯარო მმართველობის რეფორმა და აღნიშნავს ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ მიღწეული პროგრესი სრულ საფუძველს ქმნის ურთიერთობების შემდგომი წარმატებებისთვის.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა.