უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად ოფიციალურად ცნეს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილად ოფიციალურად გამოაცხადა.
იანუკოვიჩი ამჟამად რუსეთში იმყოფება და ვიდეოჩართვის რეჟიმში კიევის სასამართლოდან მისი დაკითხვა მიმდინარეობს.
„ვინაიდან იანუკოვიჩი უკრაინაში არ იმყოფება და იქ სამართალდამცველ ორგანოებს ფაქტობრივად ემალება, ეჭვმიტანილად ის ზეპირი განცხადების საფუძველზეა ცნობილი. ამავდროულად ყველა იმ მისამართზე, სადაც ვიქტორ იანუკოვიჩი ცხოვრობდა, ანალოგიური შინაარსის წერილებია გაგზავნილი და ის ექსპრეზიდენტის ადვოკატსაც გადაეცა. შეტყობინება ჩემ მიერ არის შედგენილი“, – განაცხადა ლუცენკომ.
იანუკოვიჩი ვიდეოჩართვით ჩვენებას უკვე რამდენიმე დღეა იძლევა. მასთან ერთად კიევის სასამართლო უკრაინის შს სამინისტროს შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი სტანისლავ შულიაკიც იკითხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები