მოქალაქეებს 17 930 338 ლარის ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდათ

მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 47 ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მხილებულია 32 საჯარო მოხელე, რომელთაგან 23-ის მიმართ, გამოძიების წინაშე მათი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, გამოყენებულ იქნა დისკრეცია, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიშშია აღნიშნულია.
2 საჯარო მოხელის მიმართ შეწყდა გამოძიება მათი გარდაცვალების გამო, ხოლო 7 პირის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა.
„ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების შედეგად დაზარალებულად იქნა ცნობილი 85 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ 71 ავტომანქანა, 12 მიწის ნაკვეთი, ასევე სხვადასხვა დასახელების უძრავი და მოძრავი ქონება, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 17 930 338 ლარს”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილება გახდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი.
„საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ამ ეტაპისთვის საქართველოს პროკურატურამ 16 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, საიდანაც 2 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.
აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა როგორც გამოძიების დროს მოპოვებული, ასევე სასამართლო განხილვის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი იყვნენ მსჯავრდებულნი”, – აღნიშნულია პროკურატურის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები