სასამართლომ „თავისუფალი დემოკრატების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

„თავისუფალი დემოკრატების“ სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა – ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ბუაჩიძემ დღეს გამოიტანა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძის ინფორმაციით, პარტია სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ნამდვილად გეგმავს, თუმცა არ აქვს იმედი, რომ რაიმე შეიცვლება.
„სამწუხაროდ, აღარ გვაკვირვებს ხელისუფლების ნებისა და მოთხოვნის შესაბამისად სასამართლოთა მიერ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებების მიღების ფაქტები. საბოლოოდ სხვა მიზეზებთან ერთად უსამართლობა იქნება ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებას დააკარგვინებს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მათი პოზიცია დასაბუთებული და არგუმენტირებული იყო.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ის განკარგულება გაასაჩივრეს, რომლის თანახმადაც, პარტია „მრეწველებს“ ბიუჯეტიდან მისაღები დაფინანსების ფარგლებში თანხა საპარლამენტო ფრაქციის კომპონენტით დაემატათ(300 ათასი ლარი), რის შედეგადაც „მრეწველებმა“ ცესკოში წევრი შეინარჩუნეს, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კი, საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრები დაკარგეს.
„თავისუფალ დემოკრატებს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ორი დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები