დოკუმენტური სპექტაკლი „შვიდი“ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ

 25 ნოემბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში, „ქალთა ფონდის საქართველოში“ ორგანიზებით,  დოკუმენტური სპექტაკლი „შვიდი“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი შვიდი ქალი: მაკა ჩიჩუა, ხათუნა სამნიძე, თამარ გურჩიანი, ნინა სუბლატი, ნანა ექვთიმიშვილი, ანა გოგუაძე და ნესტან კვინიკაძე წაიკითხავენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შვიდი აქტივისტი ქალის ისტორიას, რომლებზეც პიესა ააგეს: პაულა სიზმერმა, კეტრინ ფიიუმ, გეილ კრიგელმა, ქეროლ კ. მაკმა, რუთ მარგრაფმა, ანა დივიარ-სმითმა და სუზენ იანკოვიცმა.
პიესის თითოეული ნარატორი, ქალი უფლებადამცველი, ყვება, თუ როგორ იბრძვის თავის ქვეყანაში გენდერული ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ და რა სირთულეების გადალახვა უწევს ამ ბრძოლაში.
სპექტაკლის რეჟისორია სალომე ჯაში, პიესის მთარგმნელი: თამთა მელაშვილი.
„შვიდი“ უკვე 32 ქვეყანაში წარმატებით დაიდგა Voices (HeddaProduktion AB) მიერ. საქართველოში პროექტს „ქალთა ფონდი საქართველოში“ შვედეთის საელჩოსა და „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
სპექტაკლი ნათლად წარმოაჩენს, ძალადობისა და დისკრიმინაციის რამდენად მრავალფეროვან გამოვლინებებთან უწევთ ქალებს შეჯახება, ხშირად სრულიად მარტოებს და რამდენად შემაძრწუნებელი და დამანგრეველია თითოეული მათგანი. „შვიდის“ მიზანი სწორედ ქალების გაძლიერებაა, მათთვის სტიმულის მიცემა, ხმა აიმაღლონ და თამამად იბრძოლონ გენდერული ნიშნით ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების წინააღმდეგ.
„ქალთა ფონდი საქართველოში“ მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალები ყოველდღიურად განიცდიან სხვადასხვა ტიპის ძალადობას და დისკრიმინაციას. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, მაგრამ ყველაზე ნაკლებად განხილული და ტაბუდადებული სექსუალური შევიწროებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები