საერთაშორისო ფოტოსალონის Georgian Drag 2016-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

30 ნოემბერს, 19 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ფოტოსალონის Georgian Drag 2016-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და ფოტოგამოფენა გაიმართება, რომელზეც ფოტოკონკურსში მონაწილე ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ საერთაშორისო ფოტოსალონი Georgian Drag 2016 FIAP-ის (Federation of International Art Photography) პატრონაჟით ჩაატარა. კონკურსში 59 ქვეყნის 358 ავტორის 5357 ფოტო იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ჟიურიმ, რომელშიც ქართველი, უნგრელი და უკრაინელი ფოტოგრაფები შედიოდნენ, 1486 ფოტო შეარჩია, საიდანაც 52 ფოტოს ავტორი დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზით.
კონკურსანტებმა ფოტოები 4 სექციაში წარადგინეს. თითოეულ სექციაში 13 ჯილდო გაიცა; მათ შორის, FIAP-ის 4 ოქროს მედალი, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციისა და სალონის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს 24 მედალი, საპატიო მოხსენების ჯილდოები და დიპლომები. სალონის საუკეთესო ავტორი (ავსტრალია) FIAP-ის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა.
უცხოელებთან ერთად საერთაშორისო ფოტოსალონში ქართველი ფოტოგრაფებიც მონაწილეობდნენ. მათგან მზია ლეკვეიშვილი უმაღლესი ჯილდოთი – FIAP-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მზია ლეკვეიშვილი FIAP-ის პატრონაჟით გამართულ სხვა ქვეყნების ფოტოსალონებშიც მონაწილეობდა და მიღებული აქვს სალონისა და სხვადასხვა ასოციაციების ოქროს მედლები.
საუკეთესო და დაჯილდოებული ავტორების ნამუშევრები ასევე შევა ფოტოსალონის ფარგლებში გამოცემულ ონლაინკატალოგშიც.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია საერთაშორისო მხატვრული ფოტოგრაფიის ფედერაციის (FIAP) წევრი ერთი წლის წინ გახდა და მონაწილეობდა აღმოსავლეთ ქვეყნების: უკრაინა, საქართველო, მოლდოვა 2016 წლის რაუნდში, სადაც ქართველმა ფოტოგრაფებმა ოქროსა და ბრინჯაოს ორი მედალი და დიპლომები მოიპოვეს.
FIAP ფოტოგრაფიის სფეროში პრეტიჟული და აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც მთელი მსოფლიოს ფოტოგრაფთა ასოციაციები, ფოტოკლუბები, გაერთიანებები არიან გაწევრიანებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები