სოზარ სუბარმა ლტოლვილების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა

დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა ლტოლვილების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დევნილების და ეკომიგრანტების საკითხების განხილვაში, სუბარის განცხადებით, ჩართულნი არიან სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
„ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ 2013 წლამდე სამინისტროში არ არსებობდა რაიმე წესი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო საცხოვრებელი ბინების განაწილება დევნილებზე, შესაბამისად, ვერც გასაჩივრების მექანიზმი იარსებებდა. მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმებით დევნილთა განსახლება, ეს არის მინისტრის 320-ე ბრძანება. პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ და განაწილებაში, სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დევნილებს აქვთ იმის დრო, რომ განაცხადის შევსებიდან ბინის მიღებამდე უამრავჯერ გადახედონ საბუთებს, რამდენად სწორად არის დათვლილი ქულები, მათ შესაბამისი გასაჩივრების უფლებაც აქვთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატის თქმით, განსახლების პროცესი სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს.
„სამი მიმართულებაა, რომელზეც არის ძირითადი ფოკუსი. პირველი, ეს არის დევნილი ოჯახების გამოყვანა იმ შენობებიდან, რომელიც არის ნგრევადი და სადაც ცხოვრება არის სიცოცხლისთვის საშიში. უკვე 60-ზე მეტი ნგრევადი ობიექტი დაიხურა და დაახლოებით 1000-მდე დევნილი ოჯახი იქნა გამოყვანილი ასეთი შენობებიდან. მეორე, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე დევნილი ოჯახების განსახლება. მესამე, კრიტერიუმების შესაბამისად, დევნილი ოჯახების განსახლება, რა დროსაც განმსაზღვრელი როლი დევნილთა საცხოვრებელ პირობებს და მათ სოციალურ მდგომარეობას უკავია“, – აცხადებს სუბარი.
სოზარ სუბარმა კომიტეტის წევრებს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო განსახლების მიმართულებით ახორციელებს.
„2013 წლიდან რესურსების დიდი წილი მიდიოდა გარკვეული შენობების რეაბილიტაციაზე, თუმცა, რაც დრო გადის, ვცდილობთ, რომ რეაბილიტაციაზე ნაკლები რესურსი დაიხარჯოს და უფრო მეტი რესურსი წავიდეს ახალ მშენებლობებზე, ახალი მშენებლობები ხარისხითაც უკეთესია. ხშირ შემთხვევაში კი, რეაბილიტაციაზე თანხა იხარჯება და ისეთ შედეგს ვერ ვიღებთ, როგორიც საჭიროა. მეორე, ეს არის ეგრეთ წოდებული „სოფლად სახლის“ პროექტი, რაც დევნილს საშუალებას აძლევს, თავად იპოვოს სახლი, რომლის ყიდვაც უნდა. ამ პროექტის ფარგლებში, უკვე 1000-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის არის სახლი ნაყიდი სოფლებში. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის სახლი, რომელსაც ახლავს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მიწა და შესაბამისად, დევნილს არა მარტო სახლი აქვს, არამედ უჩნდება ერთგვარი შემოსავალი. მნიშვნელოვანია, რომ დევნილი თავად ირჩევს საცხოვრებელ სახლს, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ინტეგრაცია მას უკვე გავლილი აქვს იმ ადგილას.
ესეც წინგადადგმული ნაბიჯია, რომ ერთგვარი სტიგმა დევნილობასთან დაკავშირებით მოიხსნას. საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის ის, რომ სანამ დაბრუნება მოხდება, დარჩეს მხოლოდ როგორც პოლიტიკური მდგენელი, როგორც უფლება საკუთარ სახლში დაბრუნებისა და სხვა მხრივ, ყველანაირად იყვნენ ინტეგრირებულნი. ასევე, მნიშვნელოვანია „მენაშენეთა პროექტი“, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ ვყიდულობთ არსებულ ბინებს მენაშენეებისგან. პროექტის მიზანი იყო, ერთი მხრივ, დაგვეჩქარებინა განსახლების პროცესი იმ ქალაქებში, სადაც ამ ეტაპზე არ მიმდინარეობდა მშენებლობა. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მენაშენეების აშენებულ კორპუსებში დევნილები შერეულად ცხოვრობენ ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან. მეორე მხრივ, ეს იყო ხელშეწყობა იმ მენაშენეებისთვის, რომლებიც 2008 წლის კრიზისის გამო, იძულებულნი გახდნენ მშენებლობები შეეჩერებინათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრობის კანდიდატი ეკომიგრანტების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ 2013 წლიდან განახლდა ეკომიგრანტებისთვის სახლების შესყიდვის პროცესი, რომელიც 2006 წლიდან შეწყვეტილი იყო. ამ ეტაპზე, სამინისტრომ უსაფრთხო გარემოში საცხოვრებელი სახლი შეუსყიდა 302 ეკომირგანტ ოჯახს. გარდა ამისა, დაიწყო წინა წლებში შესყიდული სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცესი, საცხოვრებელი ფართი უკვე დაუკანონდა 400 ეკომიგრანტ ოჯახს და უახლოეს მომავალში კიდევ 600 ოჯახს დაუკანონდება. სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ ლტოლვილთა მიმართულებით, პარლამენტში უკვე შესულია ახალი კანონი, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები