ცოტნე გამსახურდია: სასიხარულოა, რომ როგორც იქნა, გაირკვა ფაქტობრივი გარემოებები

„ სასიხარულოა, რომ როგორც იქნა, გაირკვა ფაქტობრივი გარემოებები“, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიამ პროკურატურის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც მისი განაჩენის გადახედვას ითვალისწინებს.
გამსახურდია პროკურატურის თანამშრომლებს მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ დანარჩენ ეპიზოდებზეც შესაბამისი შედეგი დადგება.
„გაირკვა ის, რის დამტკიცებასაც მე წლების განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდი. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მე სხვა ბრალდებებით 15 წელი მქონდა მისჯილი და სააკაშვილის დროს კიდევ ორი საქმე თაროზე იყო შემოდებული. ფაქტობრივად, სამუდამო მქონდა, მაგრამ ამ საქმეებზე მე ბრალი პროკურატურამ 2013 წელს მომიხსნა. ასევე, ჩემ მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე განცხადებას პროკურატურა უკვე რამდენიმე წელია განიხილავს და იმედია, რომ დანარჩენ ეპიზოდებზეც შესაბამისი შედეგი დადგება“, -აღნიშნა გამსახურდიამ.
დღესვე, პროკურატურის ამავე გადაწყვეტილების შესახებ კიდევ ერთმა ბრალდებულმა, გიორგი ბებუამაც ისაუბრა. იგი პროკურატურის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ სხვა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების საქმეებიც გადაისინჯება.
„იმ პერიოდში, რა დროსაც ჩვენ მოვყევით ამ რეპრესიებში, ბევრი პიროვნება იყო მსგავს სიტუაციაში და სასურველი იქნება, თუ ყველას საქმე გადაისინჯება, ვინც უკანონოდ თვლის თავის დაკავებას. მე ვმუშაობდი კუდ-ში, ვიყავი ოფიცერი და ერთ-ერთ ხელმძღვანელ პიროვნებასთან, რომლის ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მქონდა რაღაც უთანხმოებები. იყო კონკრეტული დავალებები, რაზეც ადამიანური პრინციპებიდან გამომდინარე, ვთქვი უარი. ამის შემდეგ იყო დაპირისპირება და დასრულდა იმით, რომ ჩემთვის გასაოცრად, წარმიდგინეს ბრალდება, რაშიც წვლილი საერთოდ არ მიმიძღოდა“, -განაცხადა ჟურნალისტებთან ბებუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები