„ალპებიდან კავკასიამდე“ – თამარ კორძაძის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში კონცერტი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

შვეიცარიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა პიანისტმა თამარ კორძაძემ რამდენიმე წლის წინ ციურიხში დააფუძნა საქველმოქმედო ასოციაცია „ვივაჩე“, რომლის მიზანია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერა და საქართველო-შვეიცარიის კულტურული კავშირების გაღრმავება.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ასოციაცია „ვივაჩეს“ საქველმოქმედო პროექტი „ალპებიდან კავკასიამდე“, რომლის ფარგლებში ჯერ კიდევ შარშან თბილისში გაიმართა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ერთობლივი კონცერტი.
წელს კი, 20 ნოემბერს დაიწყო პროექტის მეორე ეტაპი. ნიჭიერმა ქართველმა მუსიკოსებმა – თამთა მაღრაძემ, ცოტნე ცოცხალაშვილმა და თამარ მიდელაშვილმა შვეიცარელ თანატოლებთან ერთად კონცერტი ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართეს. მათთან ერთად სცენაზე გამოვიდნენ გამოჩენილი მუსიკოსები, ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორები – ტომას გროსენბახერი (ჩელო), ფაბიო დი კასოლა (კლარნეტი), თამარ კორძაძე (ფორტეპიანო) და საქვეყნოდ აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე. პროექტის „ალპებიდან კავკასიამდე“ ფარგლებში ლიანა ისაკაძემ მასტერკლასებიც ჩაუტარა შვეიცარელ სტუდენტებს.
როგორც ისაკაძემ აღნიშნა, იგი დიდი სიამოვნებით ჩაერთო თამარ კორძაძის მეტად მნიშვნელოვან პროექტში „ალპებიდან კავკასიამდე“, ვინაიდან მისი თქმით, ამით თამარი საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს, განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, გავიდნენ ფართო ასპარეზზე, გაითვალისწინონ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების რჩევები და დაამყარონ კონტაქტები თავიანთ თანატოლებთან შვეიცარიაში. ყოველივე ზემოთ აღნიშნული არა მარტო ქართულ-შვეიცარული კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს, არამედ იძენს საერთაშორისო მასშტაბებს.
ამ წლების განმავლობაში თამარ კორძაძემ დახმარების ხელი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ მრავალ ქართველ ახალგაზრდას გაუწოდა. 8 მუსიკოსი წაიყვანა ბერნსა და ციურიხში კონცერტებით, 7 მოზარდი წაიყვანა იტალიაში (მონტეპულჩანო) საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე და საშუალება მისცა თავიანთი შესაძლებლობები ევროპელი მაყურებლის წინაშე წარმოეჩინათ. მსგავსი კონცერტებით „ვივაჩემ“ 9 ქართველი მუსიკოსი წაიყვანა ახალგაზრდა ხელოვანთა ფესტივალზე ბაიროითში (გერმანია) და ახალგაზრდა მუსიკოსთა ფესტივალზე (გერმანია, შვეიცარია).
ასოციაცია „ვივაჩე“ ეხმარება აგრეთვე ქართველ ახალგაზრდებს სტიპენდიებით, ინსტრუმენტებით, სასკოლო ინვენტარით. ასე მაგალითად, ასოციაციამ საქართველოს სამუსიკო სასწავლებლების საკონცერტო დარბაზებისათვის შეიძინა საფორტეპიანო სკამები, 3 ფორტეპიანო მიქელაძის სახელობის მუსიკალური სკოლისათვის, 3 ვიოლინო, 2 ვიოლონჩელო, 2 ჩასაბერი საკრავი ნიჭიერთა ათწლედისათვის, საყვირები სემინარიისათვის.
თამარ კორძაძის მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს მისი მეტად მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ცხოვრება. თამარი, ბრწყინვალე პიანისტი, კონცერტებს მართავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოს სახელი გააქვს საზღვარგარეთ. „შესანიშნავი ტექნიკა“, მომნუსხველი ტემპერამენტი“, „აუდიტორიასთან ურთიერთობის გასაოცარი უნარი“, – ასე ახასიათებენ კრიტიკოსები თამარ კორძაძეს.
თამარ კორძაძე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში, ატარებს მასტერკლასებს მთელი ევროპის მასშტაბით. იგი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრია.
15228008_10209090954728712_795140399_n 15209004_10209090954568708_458562420_n 15209175_10209090954688711_878157181_n 15174418_10209090954488706_646333621_n 15218576_10209090954528707_919858497_n 15174509_10209090954448705_468825837_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები