თეა წულუკიანი: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გრძელდება

“მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გრძელდება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, უკვე არის შემუშავებული პროექტი, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში შეიქმნას კომერციული პალატები.
„ჩვენ საკანონმდებლო რეფორმების ნაწილში, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, გავაგრძელოთ მართლმსაჯულების რეფორმა. პირველ რიგში, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ უკვე არის შემუშავებული პროექტი, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში შეიქმნას კომერციული პალატები… დღეს თქვენ უკვე იცით, თუ გქონიათ დავა და არ გქონიათ, ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს აქვს და კარგად იცის − დღეს რომ შეიტანს სარჩელს, შეიძლება ერთი წლის და მეტის თავზე ჩაინიშნოს პირველი სხდომა, რადგან სასამართლო უკვე არის გადატვირთული. ეს, ალბათ, არის სხვებს შორის კავშირში, რომ სასამართლოსადმი ნდობა არის გაზრდილი, წინა წლებთან შედარებით, და ასევე, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ მოსამართლეთა რიცხვი არის ცოტა, საქმე კი − ბევრი. ჩვენ გვინდა, მივეხმაროთ სასამართლოს, განვტვირთოთ ის და ასევე, მოქალაქეს შევუქმნათ გარანტია იმის, რომ სწრაფი მართლმსაჯულება ექნება.  რაც მთავარია, ხარისხიანი. ამიტომაც კომერციული პალატები განიხილავენ ბიზნესდავებს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ ეს შემოვფარგლოთ მხოლოდ დიდი ბიზნესისთვის. მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარება სჭირდება ჩვენს ქვეყენაში. თუკი მათ ზიანი მიადგებათ, კომერციული პალატა, კოლეგია თუ პალატები, რომელიც შეიქმნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაკომპლექტდეს კორპორატიული სამართლის სპეციალისტებისგან, რაც, ასევე, საშუალებას მოგვცემს, ახალი სისხლი და კადრები შევიდეს საერთო სასამართლოების სისტემაში. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ, დავამკვიდროთ ალტერნატიული გზები, რომელთა გადაჭრა, მათ შორის, სასამართლოსთან ერთად დავგეგმეთ, რათა წარმოგიდგინოთ საკანონმდებლო ცვლილება, რომ მედიაცია გახდეს ერთ-ერთი მთავარი გზა, მათ შორის, ისეთ წვრილ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს დავებზე, რომელთაც ჰქვია, მაგალითად, მოქალაქისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დავა, რომელთა 80%- იც დღესაც ისედაც მოსამართლის წინაშე  მორიგებით  მთავრდება და არბიტრაჟი. მოლაპარაკებები დავიწყეთ ზაფხულში და გადავდივართ ინტენსიურ ფაზაში „აი-სი-სი“-თან. თქვენ იცით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სასამართლო საერთაშორისო არბიტრაჟის, რომლის შესაბამისი საკანონმდებლო რატიფიცირება ჩვენი მთავრობის დროს მოხდა და ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რომ მისი ფილიალი გაიხსნას საქართველოში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები