„დღეს ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენი საერთაშორისო-საპოლიციო თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალი“

“დღეს ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენი საერთაშორისო-საპოლიციო თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალი”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი მღებრიშვილმა იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თანამშრომლობამ კონკრეტული პოზიტიური შედეგები უკვე მოიტანა – საქართველოს უკვე ჰყავს პოლიციის 13 ატაშე პარტნიორ ქვეყნებში. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში, ასევე ხელი მოეწერება მაღალი დონის შეთანხმებას ევროპოლთან.
„ჩვენთვის ერთ-ერთი საპასუხისმგებლო მიმართულება არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული, ჩვენ განვახორციელეთ კომპლექსური ღონისძიებები კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში. გარდა ამისა, მე პირადად შევხვდი ბევრ ჩემს კოლეგას ევროპაში, რათა ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთობები მაქსიმალურად გაგვეღრმავებინა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ევროკავშირის ქვეყნებთან ჩვენი საერთაშორისო-საპოლიციო თანამშრომლობა არის უპრეცედენტოდ მაღალი, რამაც კონკრეტული პოზიტიური შედეგები მოიტანა. საქართველოს უკვე ჰყავს პოლიციის 13 ატაშე პარტნიორ ქვეყნებში, უახლოეს მომავალში ასევე ხელს მოვაწერთ მაღალი დონის შეთანხმებას ევროპოლთან. ჩვენ ვმუშაობთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საზღვარგარეთ ქართულ ორგანიზებულ დანაშაულთან უფრო აქტიური და კომპლექსური ბრძოლა იქნება, რისთვისაც პარლამენტს ამ სფეროში რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივითაც მოგმართავთ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები