თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი 28 ნოემბერს გაიხსნება

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი სტუმრებს 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, 28 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება.
ფესტივალის პროგრამას გახსნის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმი ,,როზა ლუქსემბურგი’’, რომელიც ევროპაში მოღვაწე პოლიტიკური აქტივისტის, ფილოსოფოსისა და თეორეტიკოსის როზალია ლუქსემბურგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ეკრანებზე 1986 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა მსოფლიო აღიარება, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელმა, ბარბარა სუკოვამ კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი თემა წელს პოლიტიკა იქნება. აღნიშნულ თემას დაეთმობა სპეციალური სექცია: ”Bios Politikos”, სადაც მაყურებელი 10 საინტერესო ნამუშევარს იხილავს, პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე აქტუალური ასპექტების შესახებ. სექციის ფარგლებში მოეწყობა პანელ-დისკუსიები, რაც მოწვეულ სტუმრებსა და აუდიტორიას შორის ერთგვარ საკომუნიკაციო სივრცეს შექნის. აღნიშნული თემიდან გამომდინარე ფესტივალის წლევანდელი ფერია ნაცრისფერი.
კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც თავმოყრილია ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა — ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდება.
მე-17 კინოფესტივალზე საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი კანადელი მსახიობი ალექსანდრა სტიუარტი იქნება.
სექციაში ,,ქართული პანორამა“, მაყურებელი წლის ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს იხილავს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ კინემატოგრაფისტებს, ფართო მაყურებლის წინაშე წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები. პროგრამა ,,ქართული პანორამა’’ ხორციელდება „პაშა ბანკის“ მხარდაჭერით.
ფესტივალის ,,ქვეყანა ფოკუსში” წელს პოლონეთი იქნება, სექციაში სულ წარმოდგენილია ცხრა სრულმეტრაჟიანი და ექვსი მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
აღნიშნული სექციების გარდა კინოფესტივალი სხვადასხვა ღონისძიებებს, მასტერკლასებსა და დისკუსიებს უმასპინძლებს. ასევე გაიმართება სპეციალური ჩვენებები, ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ხსოვნის საპატივსაცემოდ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები