„ჩვენი მოქალაქეობრივი და ადამიანური ვალია, სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს“

   სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია არ შეიძლება იყოს: “ძირს იანუკოვიჩი”, მაგრამ ერთმნიშვნელოვანია ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროპაში ინტეგრაციას – ასე ეხმაურება “რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი უკრაინის მოვლენებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. “რამდენადაც უკრაინის ამბებთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ წავაწყდი “ნაცებს რა უფლება აქვთ, მიტინგის დარბევაზე ხმას რომ იღებენ” და ა.შ. მოსაზრებებს, რომელთაც ხშირად მოჰყვება ხოლმე ლაპარაკი, რომ არც ეს უკრაინის ოპოზიციაა დიდი ხვითო, თავს უფლებას მივცემ, მოგახსენოთ ჩემი, არცთუ მოკრძალებული, აზრი. ძალიან დიდ ბოდიშს კი მოგიხდით ყველას, ვისაც ეს გეხებათ, მაგრამ აქაოდა ნაცმოძრაობა იანუკოვიჩსა და რუსეთს აგინებსო, ამის გამო სერიოზულად ლაპარაკი რაღაც ორ მხარეზე, რომელთაც ლამის თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რბილად რომ ვთქვა, კრეტინობის მწვერვალად მიმაჩნია. ცხადია, ევროპა აპიდარასტებსო, რომ ფიქრობენ და ბერკუტელებო დაჰკარით ჰელმუტელებსო, რომ წერენ, ეგეთ კლინიკურ შემთხვევებს არ ვგულისხმობ. მათივე საყვარელ ენაზე რომ ვთქვა – с ними всё ясно. მაგრამ ვინც ასე არ უყურებს, იმდენი მაინც ხომ უნდა ახსოვდეს, რომ უკრაინაში ეს ყველაფერი მოჰყვა პრეზიდენტი იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე (რომელზეც ჩვენც ვაპირებთ ხელმოწერას) და მხარი დაეჭირა რუსეთთან საბაჟო კავშირში გაერთიანებისთვის. მე მესმის, რომ სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია არ შეიძლება იყოს “ძირს იანუკოვიჩი”, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროპაში ინტეგრაციას, რისთვისაც იბრძვის სწორედ მაიდანზე გამოსული ხალხი, არის ცალსახა, ერთადერთი, სწორი და სამართლიანი პოზიცია როგორც პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი, ისე წმინდა მორალური თვალსაზრისით. და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რას ამბობს ამ დროს ნაცმოძრაობა. საერთოდ საკუთარ დამოკიდებულებას მიმდინარე მოვლენების მიმართ, ნორმალური ადამიანი არ უნდა აყალიბებდეს იმის მიხედვით, თუ რას იტყვის ამაზე ნუგზარ წიკლაური ან ჩიორა თაქთაქიშვილი. და დღეს, როცა კიევის ქუჩებში იღუპებიან ადამიანები, ჩვენი მოქალაქეობრივი და ადამიანური ვალია, სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს და ცალსახად დავგმოთ ძალადობა მათ წინააღმდეგ. დიახ, ასეა ეს და დიახ, არ უნდა ამას ბევრი ლაი-ლაი“,- წერს ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები