მცხეთა-შიომღვიმის გზის მიმდებარედ გამწვანების აქცია გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მაია ქალიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მცხეთა-შიომღვიმის რეაბილიტირებული გზის მიმდებარედ, წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების დარგვის აქციაში ჩერთვნენ.
გამწვანების აქცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. ნერგების დარგვას, კომპანია „თელანი“ ახორციელებს და პროექტის ღირებულება 63 940 ლარია.
მცხეთა-შიომღვიმის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბუნებრივი გარემოდან ამოღებული ერთი ხის ნაცვლად, ათი ძირი ნერგი დაირგვება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წითელ ნუსხაში შეტანილი 2030 ნერგის დარგვა, მათ შორის 1050 ძირი შავი ღვიის, 40 ძირი პატარა თელადუმასა და 940 მცირენაყოფა ბალამწარას დარგვა.
ამასთანავე, კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ 2 წლის განმავლობაში მოუაროს და გაახაროს დარგული მცენარეები.
გამწვანების აქცია საავტომობილო გზების დეპარატმენტის პოლიტიკის თანახმად, მსოფლიო ბანკის დახმარებით SLRPII (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მეორე პროექტი) პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
ამ დროისთვის, გამწვანების აქცია ასევე, მიმდინარეობს მლაშე-მოხე-დერცელის საავტომობილო გზის მიმდებარედ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები