ჯიოევი – საქართველო სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სახიფათო რიტორიკას განაგრძობს
საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სახიფათო რიტორიკას განაგრძობს. ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ცხინვალში, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ბოლო დროს რეგიონში საკმაოდ სტაბილური მდგომარეობაა. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისგან ვერ ვხედავთ მოქმედებას, რომელიც მიუთითებდეს, რომ ის სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს,“ – განაცხადა ჯიოევმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში უკვე მესამედ ტარდება ნატოსთან ერთობლივი წვრთნები, რომლებიც, ჯიოევის თქმით, „საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აგრესიული ქმედებისთვის ამზადებენ“.
ჯიოევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ცხინვალი შეეცდება ქართულ მხარესთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.