იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

 29 ნოემბერს, 18:00 საათზე, იაკობ ნიკოლაძის 140 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნ-ალბომის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება. იაკობ ნიკოლაძე თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებელია. ის სამხატვრო ასპარეზზე XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც საქართველო ევროპული კულტურის წიაღში დაბრუნებას იწყებდა და ქვეყანაში მრგვალი ქანდაკების წარმოშობის იდეა გაჩნდა.
ვინაიდან საქართველოში მრგვალი ქანდაკების სკოლა არ არსებობდა, იაკობ ნიკოლაძემ საწყისი სამხატვრო განათლება მოსკოვსა და ოდესაში მიიღო, ხოლო შემდეგ ევროპული ქანდაკების შესასწავლად იტალიასა და საფრანგეთში გაემგზავრა. 1906-1908 წლებში მან თანამედროვეობის უდიდესი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის სახელოსნოში 15 თვის განმავლობაში იმუშავა. მიღებული გამოცდილება საქართველოში ჩამოიტანა და საფუძველი დაუდო ქანდაკების სკოლასა და ქანდაკების ხელოვნებას საკუთარ ქვეყანაში.
თბილისში სამხატვრო აკადემიის დაარსების შემდეგ იგი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქანდაკების ფაკულტეტს, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა სტუდენტებთან და ხშირად უმეორებდა სიტყვებს, რომელიც თავად როდენისგან მოისმინა: იმუშავეთ ისე, თითქოს მღერით, მაგრამ უფრო ხმამაღლა!
იაკობ ნიკოლაძე XX საუკუნის პირველი მეოთხედის განმავლობაში ერთადერთი მოქანდაკე იყო საქართველოში. გარდაცვალების შემდეგ მან დატოვა ქანდაკების სკოლა, მოქანდაკეების აღზრდილი თაობები და შემოქმედება, რომელიც დღემდე ქართული პლასტიკის უდიდეს სიამაყედ რჩება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები, ფოტო, დოკუმენტური და მემორიალური მასალა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივისა და კერძო კოლექციებიდან.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციების ციკლი იაკობ ნიკოლაძისა და ქართული ქანდაკების შესახებ.
გამოფენა 2017 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები