აშშ რუსეთისგან და დამასკოსგან ალეპოზე ავიადარტყმების შეწყვეტას მოითხოვს
აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალეპოს საავადმყოფოებზე და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს რუსული და სირიის საბრძოლო თვითმფრინავები ახორციელებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ვაშინგტონი მოუწოდებს მოსკოვს, რომ სისხლისღვრის შეწყვეტის მიზნით ასადის მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს.
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიის საკითხზე, ახლო მომავალში, ბაშარ ასადის ძალების მიერ ალეპოზე ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყების საფრთხის შესახებ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ეს შესაძლოა, 20 იანვრამდე მოხდეს, ვიდრე შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, ინფორმაციას სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ ისეთი ორგანიზაციები ავრცელებენ, როგორიცაა „ექიმები საზღვრებს გარეშე“ და „სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი“.