ცხინვალში 27 წლის წინანდელი მიტინგი გაიხსენეს – რას იხსენებენ „ეროვნული მოძრაობის” წევრები
“1989 წელს ცხინვალთან ეროვნული მოძრაობის მიერ გამართული მიტინგი იყო ნიმუში მშვიდობიანი მსვლელობისა”, – ასე იხსენებს „ეროვნული მოძრაობის“ წევრი ირაკლი ბათიაშვილი „კვირასთან“ 27 წლის წინ ცხინვალთან შეკრების დღეს.
დღეს ცხინვალში 1989 წლის 23-24 ნოემბერს საქართველოს ,,ეროვნული მოძრაობის” წარმომადგენლების ინიციატივით გამართული მიტინგი დე-ფაქტო მთავრობის ლიდერის საინფორმაციო კომიტეტის სხდომათა დარბაზში „ქართველი ნაციონალისტების“ მიერ განხორციელებულ ქმედებად შეაფასეს, რომელიც ოსი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული.
დე-ფაქტო მთავრობის ლიდერის საინფორმაციო კომიტეტის სხდომათა დარბაზში ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც იმ პერიოდში აღნიშნული მოვლენების თვითმხილველები იყვნენ.
1989 წელს ჩატარებულ მიტინგს ირაკლი ბათიაშვილი, 27 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად გამართული მშვიდობიანი აქციის სანიმუშო მაგალითს უწოდებს. ბათიაშვილი ყვება თუ როგორ დაიძრა კოლონა თბილისიდან ცხინვალის მისადგომებისკენ.
„ეს იყო აქცია, რომელიც იყო მთელი თავისი შინაარსით მშვიდობიანი. ამ აქციაზე უამრავი ადამიანი შევიკრიბეთ და დავაფიქსირეთ ის, რომ ცხინვალი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო და ასევე განუყოფელი იყო ოსი და ქართველი ხალხის თანაცხოვრება. მთელ მაშინდელ უშიშროებას უნდოდა, რომ ეს ფაქტი პროვოკაციად შეფასებულიყო და რაიმე შეცდომა დაგვეშვა, თუმცა აქცია „მშვიდობიან“ ჩარჩოებს არ გასცილებია. უამრავი ადამიანი 2 დღის განმავლობაში ვაფიქსირებდით მხოლოდ იმას, რომ საქართველოს ისტორიულ მიწასთან ვიდექით, არავის არ გვიფიქრია, რომ ზედმეტი ნაბიჯი გადაგვედგა, ეს რომ გვდომოდა, ხელს ვერავინ შეგვიშლიდა“, – გაიხსენა ირაკლი ბათიაშვილმა 27 წლის წინ ცხინვალთან მომხდარი მოვლენები.
დღესვე, ცხინვალში, 1989 წლის აქციასთან დაკავშირებით, დოკუმენტური ფილმიც უჩვენეს. 1989 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 15 ათასამდე ქართველი, ეროვნული მოძრაობის ლიდერების წინამძღოლობით, მარშით დაიძრა ცხინვალისკენ. აქცია ცხინვალის შესასვლელთან ორ დღეს გაგრძელდა.