პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნის კანონს ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ. ამის თაობაზე „ინტერფაქსი“ იუწყება.
დოკუმენტს მხარეებმა 2015 წლის 21 ნოემბერს მოსკოვში მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, გაერთიანებული დაჯგუფება სამხედრო თავდასხმის, ასევე, სხვა საფრთხის შემთხვევაში, ერთობლივად იმოქმედებს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რატიფიკაციის კანონს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ. ამ შეთანხმებას 2015 წლის 28 მაისს სანკტ-პეტერბურგში მოეწერა ხელი.