ვიქტორ დოლიძე: უჩვეულო პოლიტიკური რეალობაა, კარგი გაგებით, როდესაც ყოფილ ოპოზიციონერს მთავრობაში ეპატიჟებიან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს, ვიქტორ დოლიძეს მიაჩნია, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე კიდევ უფრო ბევრის გაკეთებას შეძლებს. ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
„არასდროს ჩემს ცხოვრებაში, პრინციპებიდან, ღირებულებებიდან არ გადამიხვევია და არც ვაპირებ აქედან გადახვევას. მათ ოჯახებთან, პატიმრებთანაც არ დამიკარგავს კონტაქტი. რამდენიმე ხნის წინ, მე თვითონ ვნახე ისინი და მათი აღქმა არის აბსოლუტურად ადეკვატური. კიდევ უფრო ბევრის გაკეთება შეგვიძლია იქიდან, სადაც ახლა ვართ”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
დოლიძე აცხადებს, რომ მის მიერ გადადგმულ არც ერთ ნაბიჯს არ ნანობს.
„არ ვიტყოდი მე, რომ ხმაურიანად წავედით. ყველა ეტაპს პოლიტიკაში თავისი თავისებურებები აქვს. მართალი გითხრათ, არც ერთ ჩემს ნაბიჯზე არ მწყდება გული, რომელიც პოლიტიკაში გამიკეთებია აქამდე. ვფიქრობ, რომ ყველა ეს ნაბიჯი იყო სწორი, გამომდინარე აქედან, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არახალია ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, რომ გიორგი კვირიკაშვილთან და მის მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად ვიყავით, მიუხედავად იმისა, ჩვენ შევიდოდით პარლამენტში თუ არა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და შეუძლია, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკურად გამართლებული და კულტურული ელემენტები შეიტანოს ქართულ პოლიტიკაში, რაც წაადგება საქმეს“, – განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ ჩაბღაუჭება ვიწროპოლიტიკური, პარტიული ინტერესებისადმი თუ ხელისუფლებისადმი და დავიწყოთ რეფორმების გატარება. ამასთანავე, ვიქტორ დოლიძე პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობას უხდის.
„მე მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის. ერთგვარი უჩვეულო პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში -კარგი გაგებით- როდესაც ყოფილ ოპოზიციონერს მთავრობაში ეპატიჟებიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი განაცხადია, პირველ რიგში, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ასევე ჩემი მხრიდან, როდესაც ჩვენ სახელმწიფოებრივად ვუდგებით ამ საკითხს. მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო, რომ სხვა უწყებებთან ერთად, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადავდგათ თვისობრივად კიდევ უფრო ძლიერი ნაბიჯები“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები