გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, ქუმსიშვილს კი „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს.
პრემიერის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრის პოსტს კახა კალაძე დაუბრუნდება. იგი ვიცე-პრემიერის სტატუსსაც შეინარჩუნებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზურაბ ალავიძე უხელმძღვანელებს, ის ნოდარ ჯავახიშვილს ჩაანაცვლებს.
გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე უხელმძღვანელებს. მან ამ პოსტზე დავით ბაქრაძე ჩაანაცვლა.
დიასპორის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყა და დიასპორის მინისტრის ფუნქციებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეითავსებს. პრემიერმა ყოფილ მინისტრს, გელა დუმბაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
სამთავრობო უწყებების დანარჩენი ხელმძღვანელები უცვლელი დარჩა.
მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები თანამდებობებს ინარჩუნებენ. უფრო კონკრეტულად, პოსტზე რჩებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სოზარ სუბარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ჯეჯელევა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან დავითაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ გიორგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახა კახიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიგლა აგულაშვილი და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ციხელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის მიერ დასახელებულ კანდიდატებს ნდობა მე-9 მოწვევის პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი კვირიკაშვილს, რომლის კანდიდატურაც საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტმა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები