დავით ბაქრაძე: წარმატებული იყო ის გზა, რომელიც ორი წლის განმავლობაში გავიარეთ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ბაქრაძე წარმატებულად მიიჩნევს იმ 2 წელს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე გაატარა. ჟურნალისტებთან მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება.
„მეც თქვენთან ერთად დაველოდები, როდესაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის სრულ ახალ შემადგენლობას წარუდგენს საზოგადოებას. მე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავაგრძელებ მუშაობას. ზოგადად, ძალიან ენერგიული, საქმიანი, სწორი მიმართულებით და სწორ პრიორიტეტებზე დაფუძნებული აპარატი ჰყავს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს. ვფიქრობ, რომ წარმატებული იყო ის გზა, რაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში გავიარეთ და მე წარმატებას ვუსურვებ ამ აპარატს და მთლიანად ქვეყანას”, – განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, მთავარია, გაგრძელდეს მუშაობა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, ასევე მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართული იყო საზოგადოება.
“რაც მეტად ჩართულია საზოგადოების ფართო წრე, მით უფრო შედეგზე ორიენტირებულია ის საქმე, რომელსაც აპარატი ახორციელებს. საზოგადოებასთან ურთიერთობა, სტრატეგიული კომუნიკაცია არის ბოლო პერიოდში გაჩენილი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები