გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციის არსებული მოდელი პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის არაკომფორტულია
კონსტიტუციის არსებული მოდელი ბევრი თვალსაზრისით პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის არაკომფორტულია“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა „მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.
„არსებული მოდელი კონსტიტუცის ბევრი თვალსაზრისით პრეზიდენტის ინსტიტუტსთვის არაკომფორტულია. ეს დოკუმენტი არ იწერებოდა პრეზიდენტისთვის, როდესაც ეს დოკუმენტი იწერებოდა და ვის მიერაც იწერებოდა, მოტივაცია იყო პრემიერ-მინისტრობა.
შესაბამისად, თუ ვინმეს შეიძლება, ჰქონდეს გარკვეული ნაკლოვანებების განცდა, ბუნებრივია, ეს ვიქნებოდი მე. მაგრამ ასე არ არის. მე ვიღებ თამაშის წესებს, იმ თამაშის წესებს, რომელიც ფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, კაზუსურად რაღაც საკითხებია, რომელიც ბოლომდე არ არის გაწერილი, ან რომლის გაწერასაც პრაქტიკა სჭირდება, მაგრამ მე მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვისთვისაც მთავარია თამაშის წესების პატივისცემა. დახვეწა ნებისმეირი რამის შეიძლება. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც არ დახვეწილა, ეს არის 10 მცნება, დანარჩენი ყველაფერის დახვეწა შეიძლება, მაგრამ ერთია დახვეწის პროცესი, მაგრამ მეორეა ის, რისიც მე მჯერა “,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, კონსტიტუცია დასახვეწია, თუმცა მთავარია ეს პროცესი რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს არ ემსახურებოდეს. „დასახვეწი გარკვეულწილად რაღაც დეტალები არის, მაგრამ მთავარია, ეს პროცესი წარიმართოს არა რომელიმე პოლიტკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ დავაყენე პრეზიდენტის, პარლამენტის, პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, ვენეციის კომისიის ჩართულობით საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, სადაც იქნებოდა მეტ-ნაკლებად წინაპირობად ლეგიტიმური დაცულობა“,-განაცხადა პრეზიდენტმა.