პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას საქართველო-ამერიკას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ამ თანამშრომლობის პერპექტივაზე ისაუბრეს.

მხარეებმა ერთმანეთს საქართველოში, ასევე აშშ-ში არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცეს. ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტრადიციულად მაღალი მხარდაჭერა აქვს როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიისაგან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას.

ბრიჯიტ ბრინკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა.

საუბარი შეეხო ასევე, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დემოკრატიის განვითარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით ურთიერთობების პოზიტიური განვითარების დინამიკას, მათ შორის, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები