მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

2016 წლის 19 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ქვეყანაში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საარჩევნო პროცესი, აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების” მიერ მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანი დადებითი გზავნილი და ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება ქვეყანაში რეფორმების გატარებისა და ეკონომიკური განვითარების გაგრძელებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო მისიებში აშშ-ის აქტიური ჩართულობისა და არჩევნების მშვიდად ჩატარებაში გაწეული დახმარებისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის საბჭოთა სისტემიდან დემოკრატიაზე წარმატებული ტრანსფორმაციის ყველაზე კარგი მაგალითი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ამოცანების მიღწევა, კერძოდ, განათლებისა და საგადასახადო სისტემის რეფორმა, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინკლუზიური მმართველობის კუთხით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესზე. ბრიჯიტ ბრინკის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს მხარდამჭერად. მისივე თქმით, შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები