“მშობლების მკვლელობის შემდეგ ვენები გადაიჭრა” – სამეგრელოში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

„კვირას“ ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც მშობლებს ნაჯახით თავები მოჰკვეთა, 35 წლის ივანე ქ.-ა და ის ფსიქიკურად დაავადებული პირია.  სამართალდამცავებმა იგი შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, ტყეში დააკავეს. მას სხეულზე თვითდაზიანება აღენიშნება.
საზარელი შემთხვევა დღეს, დაახლოებით, ორი საათის წინ, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მოხდა.
მამაკაცი მამას თავს მაშინ დაესხა, როცა ის ჯერ კიდევ ლოგინში იწვა, ხოლო დედა ოდა-სახლის აივანზე მოკლა. შემთხვევის შედეგად, 88 წლის ვაჟი ქ. და 83 წლის რუსუდან ქ. დაიღუპნენ.
მშობლების საზარელი მკვლელობის დროს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი შემთხვევით მეზობელთან იმყოფებოდა, სახლში მოსულს კი საზარელი ფაქტი დახვდა.
როგორც „კვირას“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა განუცხადა, მშობლების საზარელი მკვლელობის შემდეგ ივანე ქ.-მ შემთხვევის ადგილი მიატოვა და ტყეში გაიქცა.
მისი თქმით, სამართალდამცავებმა იგი მალევე დააკავეს, თუმცა მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი.
აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება: როგორც „კვირას“ სოფელ ლიას რწმუნებულმა, ვახტანგ კვირკველიამ განუცხადა, ივანე ქ. ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მედეკამენტოზურ მკურნალობას გადიოდა.
მისივე თქმით, დაახლოებით სამი დღის წინ, მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზუგდიდის შს სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.
„ზუგდიდში ყოფილა. ფურცელზე დაუწერია „დამეხმარეთო“ და ეს ფურცელი და 50-ლარიანი პოლიციის მანქანაში შეუგდია, რის გამოც სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავდათ. სავარაუდოდ, როდესაც გაიგეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გაათავისუფლეს. ეს დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა. საერთოდ, მედიკამენტებს ღებულობდა. ამ საზარელი ფაქტის დროს, მისი და შემთხვევით მეზობელთან იყო გადასული, სახლში მოსულს კი ასეთი შემზარავი ამბავი დახვდა. საშინელი სანახაობაა აქ“, – ამბობს ვახტანგ კვირკველია „კვირასთან“ საუბრისას.
მოხუცებს სამი შვილი ჰყავთ. ორი გოგო და ერთი ვაჟი. ერთ-ერთი გოგონა პოლონეთში ცხოვრობს და ოჯახს უცხოეთიდან ფინანსურად ეხმარება.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ცხედრებს ქუთაისში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე აღძრულია საქმე სსკ-ის 109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები