ზვიად ნავროზაშვილის პოეტური კრებულის – „მიყვარს ქართულად“ წარდგინება გაიმართება

19 ნოემბერს, 16 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში ზვიად ნავროზაშვილის ლექსების კრებულის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს პოეტის პირველი კრებულია. გარეკანი გაფორმებულია უნიჭიერესი თვითნასწავლი მხატვრის, ბელა ლობჯანიძის ნამუშევრით ,,სამასი არაგველი“.  რედაქტორია ეკატერინე ბაზერაშვილი.
„საქართველოსთვის უამრავი კეთილი საქმით დამტკიცებულმა სიყვარულმა ზვიად ნავროზაშვილსაც ააღებინა კალამი ხელში და პოეზიას შეაჭიდა, რომ ასეც გულახდილად გაგვიზიაროს გულისტკივილი, სევდა თუ სიხარული… იგი, ღირსეული ცხოვრების წესით, ერთი უბრალო, მეგობრული და სამაგალითო ქართველია, რომელიც ჭირისუფლად მხოლოდ სამშობლოს დაუდგა და ამ პატარა სტრიქონებშიც კი უამრავი უჩინარი ტკივილი ჩაატია:
,,მე ვერ გავხდები ვეღარავის ჭირისუფალი,
რადგან სამშობლო დღეს ყველაზე ძალიან მტკივა!“
…ქვეყნის სადარაჯოზე გამოსულ ლომვაჟკაცს უჭირს დღევანდელ სამწუხარო რეალობასთან შეგუება და დაცლილი სოფლების ცქერას სიკვდილი ურჩევნია:
,,თუ ასე უნდა დაიცალოს ყველა სოფელი,
თუ მთაში მხოლოდ უცხოელმა უნდა იაროს,
არა, ბატონო, მე არ მინდა ასე სიცოცხლე,
სჯობს ზვავი მოწყდეს და ახლავე გადამიაროს!..’’
მთის ხსენებაზე არ შეიძლება არ გამოვყოთ ზვიად ნავროზაშვილის ლექსები მთის მოტივებზე, რომლებიც კი არ იკითხება, არამედ იმღერება და ავტორიც ასე ლაღად გრძნობს თავს თავის ჩანამღერებში“, – წერს კრებულის წინასიტყვაობაში ეკატერინე ბაზერაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები