„ცხოვრება გრძელდება“  –   ბრიტანულ-ქართული კოპროდუქციის მესამე პრემიერა ბათუმში

19 ნოემბერს, 19 საათზე, ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე კიდევ ერთი, ბრიტანულ – ქართული კოპროდუქციის პრემიერა შედგება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სპექტაკლს დგამს ბრიტანული კომპანიის – „On The Run“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი დევიდ რალფი, რომელიც ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებთან ინტენსიურად მუშაობს. სპექტაკლის ჩვენება ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ფრიად წარმატებული და მნიშვნელოვანი „საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში იმართება.
სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ თანამედროვე ბრიტანული დასის „On The Run“ რეპერტუარშია და ამ დასის წევრის ჰანა მოსის რეალურ ამბავს გადმოგვცემს. ამასთან, შესრულება სიტყვების გარეშე ხდება, ანუ ეს არის „ახალი სიტყვა სიტყვების გარეშე“.
სპექტაკლი „ცხოვრება გრძელდება“ ჰანა მოსისა და დევიდ რალფის ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც 2014 წლის აგვისტოს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელთა და კრიტიკოსთა აღფრთოვანება დაიმსახურა. „The Times“-ის მთავარმა თეატრალურმა კრიტიკოსმა დომინიკ მაქსველმა სპექტაკლი ხუთი ვარსკვლავით შეაფასა და „შესანიშნავი დებიუტი“ უწოდა.
„სწორედ ეს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სპექტაკლს და ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მუშაობენ.
ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პარტნიორობის ფარგლებში 2015 წელს ბრიტანული და ქართული თეატრების თანამშრომლობის შედეგად 2 სპექტაკლის პრემიერა შედგა: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართულ ენაზე დაიდგა ინოვაციური, ეკრანიზებული თეატრის ნიმუში „ნული საათი“, ხოლო მოგვიანებით ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე სპექტაკლის „ზამთრის ზღაპარი“.
ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი სპექტაკლი შეუწყობს ხელს მნიშვნელოვანი „საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის“ პარტნიორების ერთობლივ მიზანს – საქართველოს, კერძოდ აჭარის და დიდი ბრიტანეთის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების უკეთ გაცნობას, უშუალო და პირდაპირ თანამშრომლობას ამ ორი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუციებს შორის“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
„ცხოვრება გრძელდება“ არის ბრიტანელი რეჟისორების დეივიდ რალფისა და ჰანა მოსის პიესა. სპექტაკლის პრემიერა 2014 წელს ედინბურგის ფრინჯის ფესტივალზე გაიმართა. მას შემდეგ სპექტაკლმა გასტროლებით მთელი ბრიტანეთი მოიარა. ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის ქართულენოვან ვერსიაში მონაწილეობენ ქართველი მსახიობები.
რეჟისორები დეივიდ რალფი და ჰანა მოსი არიან.
სპექტაკლში მოთხრობილ ამბავს საფუძვლად უდევს ჰანას რეალური ისტორია. ჰანას მამა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა, როცა ჰანა 17 წლის იყო. წარმოდგენაში არ ისმის საუბარი. მსახიობები სათქმელს ან დაფაზე წერენ, ან ფიზიკურად და ვიზუალურად გამოხატავენ.
„მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვლაპარაკობთ მთელი წარმოდგენის განმავლობაში არის ის, რომ გვინდა ვაჩვენოთ, რამდენად ძნელია დანაკარგზე საუბარი. ამით გვსურს უფრო მეტად ჩავწვდეთ მწუხარების ნამდვილ ბუნებას“, – ამბობენ მსახიობები.
ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ეს წარმოდგენა 2015 წელს ბრიტანეთის საბჭოს ედინბურგის შოუქეისზე ნახა. სპექტაკლის ქართულენოვანი ვერსია განხორციელდა აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი ,,აჭარის საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, რომლის მიზანია აჭარის საშემსრულებლო ხელოვნების სფეროს პროფესიულ დონის ამაღლების და საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს შორის შემოქმედებითი კავშირების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები