საკრებულოში “დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის” პროგრამაზე იმსჯელეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე განსახილველი პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის სხვადასხვა რაიონების გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სხდომის მონაწილეებს კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ წარუდგინა.
კერძოდ, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული ბინის ქირით უზრუნველყოფის წესთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციის შესახებ იმსჯელეს.
დღესვე, სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით არსებული პროცედურული ხარვეზები განიხილეს. კომისიის სხდომას თბილისის მერიის ადმინისტრაციის საიდუმლო სამობილიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ესწრებოდა. როგორც ემზარ ბიძინაშვილმა განმარტა, მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ორგანოებისგან გარკვეული ვალდებულებები აქვთ დელეგირებული, რომელთა თანახმად, რაიონულ გამგეობებში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მუშაობენ.
მისივე განცხადებით, არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და უფრო ეფექტიანი მუშაობის უზრუნველსაყოფად გარკვეული რეგულაციების შემუშავებაა აუცილებელი, რომლის თანახმადაც,აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებს პერსონალურ მონაცემთა ერთიან ბაზასთან ექნებათ წვდომა.
კომისიის სხდომაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, საკრებულოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა წანადადებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. სხდომა გულიკო ზუმბაძემ შეაჯამა, რომლის განცხადებითაც, აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისია სხვადასხვა უწყებებს, მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველსა და სხვა შესაბამის სტრუქტურებს წერილობით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები