სპექტაკლ „მოთამაშეების“ პრემიერა გაიმართება

19 და 26 ნოემბერს, 18.00 საათზე, თბილისის ა.ს.გრიბოედოვის სახ.სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში სპექტაკლ „მოთამაშეების”  პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სპექტაკლი ნ. გოგოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესის მიხედვით დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, „თავისუფალი თეატრალური პროექტების“ პროგრამის ფარგლებში.
ერთმოქმედებიანი კომედია, რომლის პრემიერა მცირე სცენაზე გაიმართება, გრიბოედოვის თეატრის მთავარმა რეჟისორმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილმა დადგა.
სპექტაკლზე მუშაობდნენ: დამდგმელი მხატვარი – მირიან შველიძე; კოსტიუმების მხატვარი – ნატალია კობახიძე; ქორეოგრაფი – დავით მეტრეველი; ილუზიონისტური ნომრების დამდგმელი – ზურაბ ვადაჭკორია.
სპექტაკლში მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, არჩილ ბარატაშვილი, სლავა ნათენაძე, ვალერი ხარიუტჩენკო, მერაბ ქუსიკაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, მიხეილ არჯევანიძე, ანასტასია გარმატიუკი და ვასილ გაბაშვილი.
გიორგი მარგველაშვილის სპექტაკლი – ეს მარადიული და ამიტომაც ძალიან თანამედროვე ისტორიაა.  გოგოლის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყოველთვის მოიძებნება თაღლითი, რომელიც შენზე მეტს ითაღლითებს“. კომედიის კლასიკური ტექსტი რეჟისორმა ხელუხლებელი დატოვა. მაგრამ ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება, მაყურებლისთვის სრულიად უცხო და უცნობი აღმოჩნდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები