11 ქართველი ხელოვანი და ავტორი ბერლინის ლიტერატურის ფესტივალში მონაწილეობს

13-20 ნოემბერს, ბერლინის ლიტერატურის ფესტივალზე Stadt Land Buch – 2016 საქართველო ფოკუს ქვეყნის სტატუსით წარდგება. პროგრამაში 11 თანამედროვე ავტორი და ხელოვანი მონაწილეობს.
როგორც კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთი კვირის მანძილზე, გერმანულ აუდიტორიას საკუთარ შემოქმედებას ნინო ხარატიშვილი, ლაშა ბუღაძე, ბექა ადამაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ლიანა სტურუა, რატი ამაღლობელი, ტორესა მოსი, ანრი ლომია, დავით ადამაშვილი, კოტე ჯანდიერი და დიანა ანფიმიადი წარუდგენენ. ქართული პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი ხუთი ლიტერატურული და კულტურული ღონისძიება ბერლინის სხვადასხვა ცნობილ სახელოვნებო სივრცეში – Deutsches Theater, TAK, Babylon Kino, Literaturhaus Berlin, Buchhändelerkeller გაიმართება. ღონისძიებებს მოდერაციას წამყვანი გერმანელი ჟურნალისტები და ლიტერატურის კრიტიკოსები ტილმან შპრეკელსენი, კნუტ ელსტერმანი, კოლია მენსინგი, დანიელა სილი და გერმანიაში მოღვაწე ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი გაუწევენ.
ქართული პროგრამა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, გერმანიის გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მხარდამჭერები ასევე არიან: „პალიტრა L“, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და გერმანიაში ქართული ღვინის ინტერნეტმაღაზია „ქართული პროდუქტი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები