სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო შენდება

სამთავრობო პროგრამის, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, შპს „ლიდერფუდი“ წარმოების გაფართოებას შეძლებს და 2017 წლის მარტში ქართულ ბაზარს ახალი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეემატება. აღსანიშნავია, რომ საწარმო, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს, აღჭურვილი იქნება თანამედროვე საწარმოო დანადგარებით და მაღალტექნოლოგიური შიდა ლაბორატორიით, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება პროდუქტის ხარისხის შემოწმება და განვითარება.
ამასთანავე, მნიშნველოვანია, რომ კომპანია იწყებს სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების შემუშავებასა და დანერგვას, რაც გულისხმობს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების, კერძოდ, FSSC 22000:2005 მიღებას, რომელიც აერთიანებს ISO 22000, ISO 22002.1, ISO 9001 სერტიფიკატებს. კომპანიაში, სადაც ამჟამად 400-მდე ადამიანია დასაქმებული, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დასაქმებულთა რიცხვი 700 ადამიანამდე გაიზრდება, ხოლო საწარმო, რომელიც მცხეთაში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შენდება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში.
შპს „ლიდერფუდი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 000 000 დოლარს შეადგენს.
შენიშვნა: 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები