ე.წ. კანონიერი ქურდი : მოწმედ ვიწვევ გივი თარგამაძეს, თუკი შერჩენია ოდნავი გამბედაობა, ველოდები სასამართლოში

ე.წ. კანონიერი ქურდობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაია მიმართვას ავრცელებს.
როგორც ჩაჩიბაია აღნიშნავს, მისი დაკავება მოხდა ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადების საფუძველზე, თუმცა ის ამჟამად თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და თუნდაც მის კითხვებზე პასუხის გაცემას.
დავით გერლიანი-ჩაჩიბაია გივი თარგამაძეს სასამართლოში მოწმედ იწვევს.
”ჩემი საქართველოში ჩამოსვლა მოხდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. უკრაინის მოქალაქე ვარ დღესაც, თუმცა სააკაშვილის ხალხს ხელი არ შეშლიათ განეხორციელებინათ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, უკრაინის სახელმწიფოს გამოყენებით, მოვეპარე და იძულებით გამოვეშვი საქართველოში, რასაც მოჰყვა წინასაარჩევნოდ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი შემსრულებლის, კერძოდ, გივი თარგამაძის განცხადებები, როგორც მათ მიერ დაქირავებული ”რუსთავი 2-ის” ტელევიზიის საშუალებით, ასევე ამჟამად ძალიან მოდური ინტერნეტსივრცით, სადაც გივი თარგამაძე “იუწყებოდა” თუ როგორ ჩამოდიან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდები და საქართველოს უშიშროების სამსახურს თუ როგორ სძინავს.
გივი თარგამაძის ჩვენების საფუძველზე მოხდა ჩემი დაკავება. თითქოსდა საშიში დამნაშავე ვიყავი. ამჟამად საქმე იხილება სასამართლოში, სადაც მთავარი მოწმე გივი თარგამაძე არც აპირებს შეასრულოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი, ტელევიზიას და ინტერნეტს თავი დაანებოს, მოვიდეს და სასამართლოში მისცეს ჩვენება. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მასთან, თუმცა იგი ყველა ღონეს იხმარს, რომ სასამართლოში არ დაიკითხოს და შეეცდება თავი აარიდოს ჩემს კითხვებს. უბრალოდ მან თავისი საქმე შეასრულა წინასაარჩევნოდ – სურდა რა ჩირქი მოსცხებოდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და ამ მიზნის განხოციელებაში ის კი დაავიწყდა, რომ თავად არის პასუხისგებაში მისაცემი, რადგან მან დამალა მძიმე დანაშაულში მხილებული პირი (ჩემს თავს ვგულისხმობ). მან ფაქტობრივად დაარღვია კანონი. მე დავით ჩაჩიბაია, რომელიც ვარ პატიმარი და ბრალდებული, სასამართლოში მოწმედ ვიწვევ გივი თარგამაძეს. დაე, პასუხი აგოს იმ შეთქმულებაზე, რომელიც ერთად დაგეგმეს ”ნაციონალებმა” და უკრაინაში მოქმედმა” ნაციონალებმა”, რომელთა პოლიტიკურ თამაშსაც ვემსხვერპლე მე. აქვე მინდა აღვნიშნო და გამოვხატო წუხილი მოქმედი მთავრობის და სამართალდამცავი ორგანოების მისამართით, თუ რატომ წამოეგნენ ”ნაციონალების” დადგმულ პროვოკაციას ისე, რომ არ გადაუმოწმებიათ იყო თუ არა ჩემი დაკავება ის უკიდურესობა და აუცილებლობა, რომელიც დღესდღეობით გვაქვს”, – ნათქვამია დავით ჩაჩიბაია-გერლიანის წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი ავრცელებს.
როგორც ბრალდებული აღნიშნავს, თუკი საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაშინ არ უნდა ხდებოდეს ადამიანის დაკავება მაშინ, როცა არ არსებობს მტკიცებულებები.
”ფაქტობრივად ”ნაცების” დაკრულზე ცეკვავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რაც ძალიან მიუღებელია. მე დავით ჩაჩიბაიას არც დასაჭერად მქონდა საქმე და არც საქართველოდან გასაქცევად, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველო არის მართლაც დემოკრატიული ქვეყანა და შესაბამისად, არ უნდა ხდებოდეს ადამიანის დაკავება მაშინ, როცა არ არსებობს მტკიცებულებები. გივი თარგამაძემ გამოწვევა უნდა მიიღოს, თუკი შერჩენია ოდნავი გამბედაობა. ველოდები სასამართლოში”, – ნათქვამია გერლიანი-ჩაჩიბაიას მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები