თურქეთში, საგაზეთო ჯიხურებში გაზეთი „აბხაზია“ გამოჩნდა – ქართველები საპროტესტო აქციებს აანონსებენ
თურქეთში მცხოვრები ქართველები საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ამის მიზეზი თურქეთში გაზეთ „აბხაზიას“ გამოშვებაა, რომელიც ყოველდღიური გაზეთის “საბაჰის” დამატება. “საბაჰი” 30 წელია არსებობს და მილიონიანი ტირაჟით იყიდება.
თურქეთში „აბხაზიას“ გამოცემით შეშფოთებულები არიან როგორც ქართველი, ისე თურქი დიპლომატები. საქართველოს ელჩი თურქეთში აცხადებს, რომ გაზეთი თურქეთში არსებული აფხაზური სათვისტომოს ძალისხმევით გამოიცა და ამის შესახებ თურქეთის მთავრობა ინფორმირებული არ იყო. დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს და თურქული მხარე მუშაობს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
„ჩვენ დაუკავშირდით თურქულ მხარეს და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ. თურქეთის ხელისუფლება თვითონაც შეშფოთებულია, რადგან აღნიშნული ფაქტი ეწინააღმდეგება თურქეთის გაცხადებულ პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით“, – აცხადებს საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე „იმედის დროსთან“.