“ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან მამუკა ხაზარაძე დგას”

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია დღითი დღე ზღვარგადასულ ხასიათს იძენს და ეთიკისა და ბიზნეს-ურთიერთობების კანონზომიერებიდან გადის.
ამჯერად ოპონენტები ვანო ჩხარტიშვილს ბიზნესმენთა ფედერაციის შენობის მისაკუთრებაში ადანაშაულებენ.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მთელი ამ კამპანიის უკან დგას საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი საფინანსო ჯგუფი – “თიბისი ჯგუფი” და მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.
რეალური მიზეზი კი, რის გამოც პატივცემული ხაზარაძე ცდილობს ჩხარტიშვილისთვის დისკომფორტის შექმნას მისი ოფისის შენობის თემაზე აგორებული პიარ-კამპანიებით, სულ სხვაა.
კერძოდ, ჩხარტიშვილსა და “თიბისი ჯგუფს” შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა, რომელიც ფოთის წისქვილკომბინატის მფლობელობას უკავშირდება და სადაც ჩხარტიშვილის მხარე, ცხადია, უპირობო გამარჯვებას მიაღწევს, რამდენადაც, სააკაშვილის პროკურატურის ზეობის დროს რეპრესირებულ ჩხარტიშვილს ხელისუფლებამ სწორედ “თიბისი ბანკის” ხელით წაართვა ეს აქტივი.
ეს არის ფაქტი, რომელიც ყველაზე უკეთ სწორედ ხაზარაძემ იცის და პერიოდულად, სასამართლო პროცესების წინ (ამჯერად პროცესი ორშაბათსაა) სასამართლოს დასაშანტაჟებლად შავი პიარის კამპანიას აწარმოებს.
ამ მიმართულებით მისი ყველა სხვა მცდელობა სწორედ ერთი მთლიანი გეგმის ნაწილია. ამ გეგმის კონტექსტში უნდა იქნას განხილული ბიზნესმენთა ფედერაციის შენობის მფლობელობის საკითხის დასმაც.
როგორც უმეტეს შემთხვევებში, აქაც, პატივცემული მამუკა სხვათა ზურგს ამოფარებული, ცდილობს საწადელის მიღწევას. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც იმედი უნდა გავუწბილოთ მას და უნდა ვუთხრათ, რომ რადგან გონივრულ პრინციპებზე მორიგება არ სურს, ეს საქმეც სასამართლო განხილვის საგნად იქცევა და აქაც წაგებული გამოვა, რადგან ჩხარტიშვილი მისი ოფისის შენობის საკითხთან დაკავშირებითაც მართალია და დარწმუნებულები ვართ, მის სიმართლეს სასამართლოც დაადასტურებს.
გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენი მხარე, ყოველთვის, ნებისმიერ სადავო საკითხთან მიმართებაში აფიქსირებდა და აფიქსირებს ცალსახა პოზიციას, რომ მომხრეა ნებისმიერი საკითხი მოლაპარაკებისა და შეთანხმების გზით გადაიჭრას. თუკი ასეთი რამ შეუძლებელი ხდება, არსებობს სასამართლო ინსტანციები და მათი პრეროგატივაა სამართლის განჩინება, რომელიც მხარეებმა უნდა მიიღონ და აღიარონ. ხაზარაძეს არ გააჩნია არგუმენტები, არ გააჩნია სიმართლე და მედიაში შავზე თეთრის ტირაჟირებით სურს ფონს გასვლა.
ეს მისი არჩევანია. ჩვენ კი, ცხადია, ბოლომდე გავაგრძელებთ სამართლებრივ სივრცეში დავას და წარსულში სააკაშვილთან ერთად ბიზნესმენთა დარეკეტებაში დახელოვნებულ და დღეს ვითომ მათ დამცველად მოვლენილ ბიზნეს ჯგუფის ქმედებების სააშკარაოზე გამოტანას.

წყარო:pia.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები