დავით უსუფაშვილი: ჩვენ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს, რადგან ცხოვრება გრძელდება

დავით უსუფაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გამოემშვიდობა. მან განსაკუთრებული მადლობა მანდატურებს გამოუცხადა – ადამიანებს, ვინც, მისი თქმით, პარლამენტის სხდომებზე მშვიდობას უზრუნველყოფდნენ.
უსუფაშვილმა საკუთარი 4 წლიანი მუშაობაც შეაჯამა.
“გავიდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ამ შენობაში შემოვაბიჯეთ და ბედნიერი ვარ, თუკი შევასრულეთ ყველა მოვალეობა, რაც ჩვენზე იყო დაკისრებული. მადლობა იმას, ვინც უზრუნველყოფდა სხდომათა დარბაზში მშვიდობას, როდესაც რომელიმე დეპუტატს უმტყუნებდა ნერვები.
ეს გუნდი იმით არის გამორჩეული, რომ აქ არიან სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, რაც ხელს არ გვიშველის, ვემსახუროთ პარლამენტს, გვქონდეს ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა.
მე ვისურვებდი, რომ ეს თვისება, რაც ახასიათებს პარლამენტის აპარატს, იყოს საქართველოს ახალ პარლამენტშიც, რათა განსხვავებულმა ადამიანებმა შეძლონ თანამშრომლობა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ეს გუნდი ისეთივე მოტივირებული იქნება ახალ პარლამენტშიც.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უკეთესი და უკეთესი პარლამენტი ეყოლება. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ კვლავაც შევხვდებით ერთმანეთს, რადგან ცხოვრება გრძელდება“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
დამშვიდობების ბოლოს, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები