„თბილისის ბაროკო ფესტივალი – 2016“ მიმდინარეობს

 10 ნოემბრიდან  14 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016“. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ფესტივალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ ახორციელებს.15039577_1738019223187480_6590698109748110688_o
ევროპაში უკვე ათწლეულებია დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი მუსიკის მაქსიმალურად მიახლოებული (ავთენტური) მანერითა და შესაბამისი ინსტრუმენტებით შესრულება. გარდა ესთეტიკური და ეგზოტიკური დატვირთვისა, ასეთი პერფორმანსები ისტორიული და სამეცნიერო კუთხითაც საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ ძველი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ამიერკავკასიაში მხოლოდ თბილისში ტარდება და წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს მსოფლიო ვარსკვლავებს.
ფესტივალის ფარგლებში 8 კონცერტი გაიმართება, რომელიც თბილისის რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში (10, 14, 16, 22, 28  ნოემბერი და 5, 9, 14 დეკემბერი) შედგება.  მსმენელები ეზიარებიან ბაროკოს მუსიკას, რომელიც შესრულდება XVII-XVIII საუკუნის ინსტრუმენტებზე: კლავესინი, თეორბო, ბაროკო ჩელო, ვიოლა და გამბა, ბაროკო ფლეიტა  და ა. შ.
14, 22 ნოემბერს და 9 დეკემბერს მსმენელს შესაძლებლობა ექნება, კონცერტის დაწყებამდე (19:00 სთ.ზე), რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის შესასვლელ დარბაზში, მოისმინოს კონცერტის შესავალი-ლექცია, რომელსაც  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და მუსიკის კრიტიკოსი დავით გიგინეიშვილი წაიკითხავს.
ადგილობრივი არტისტებისა და კოლექტივების გარდა, ფესტივალს სტუმრობენ ძველი მუსიკის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 14908273_1734381823551220_3577081009640791836_n
„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016“-ში მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური სცენის ვარსკვლავები: კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი), ტომას ბაეტე (ვიოლა და გამბა), კრისტენ ვიტმერი (სოპრანო), ქრისტოფ მაიერი (დირიჟორი), ჯორჯია ბრაუნი (ბაროკო ფლეიტა), ტომ ფოსტერი (კლავესინი), ჟან რონდო (კლავესინი), ეტიენ გალეტიე (თეორბო), დავიდე ამადიო (ბაროკო ჩელო), ანსამბლი „The Spirit of Gambo”, დავით გოგოლაშვილი (ტენორი), მიხეილ აბრამიშვილი (კონტრ-ტენორი), თბილისის კონსერვატორიის მაგისტრატურის კამერული გუნდი  და რუსთავის კაპელა, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
ბილეთები იყიდება „სინფონიეტა სთეიჯის“ და რუსთაველის თეატრის სალაროებში, ასევე  ვებგვერდზე:  biletebi.ge.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და  „ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი“.
„სინფონიეტა სთეიჯზე“ (სანაპიროს ქ.4, შენობა 2, სართული 8.) შედგება 2 საჯარო ლექცია, 29 ნოემბერს და 2 დეკემბერს, 19:30-ზე. ლექციებს წაიკითხავენ: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და მუსიკის კრიტიკოსი დავით გიგინეიშვილი; მუსიკოსი, ჟურნალისტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტი თეა მუქერია (დასწრება თავისუფალია).
10 ნოემბრიდან  14 დეკემბრის ჩათვლით თბილისში ადრეული ევროპული კულტურის ბგერითი მუზეუმი გადაიშლება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები