ამირან ქართველიშვილი – სასჯელაღსრულების სამინისტრომ მაქსიმალურად შეუწყო ხელი დანაშაულის აღკვეთას

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მის სისტემაში დანაშაულის პრევენციის მიზნით, სამართალდამცავ სტრუქტურებთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს, – აღნიშნულის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინსპექტორმა ამირან ქართველიშვილმა განაცხადა.
”სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყო ხელი პენიტენციურ სისტემაში სისხლის სამართლის დანაშაულის აღკვეთას. სამინისტოს შესაბამისი უწყებები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებში და განახორციელეს ყველა საჭირო ღონისძიება საქმის გახსნის მიზნით. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მის სისტემაში დანაშაულის პრევენციის მიზნით, სამართალდამცავ სტრუქტურებთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს”, – განაცხადა ქართველიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  თაღლითობის მცდელობის ფაქტზე რუსთავის N16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე დააკავეს.
როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჯინჭარაძე მოქალაქეს თავისი ახლობლის, ქ.რუსთავის N17-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები