დავით ნარმანია ბულგარეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანასა და დედაქალაქებს შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობასა და გზებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტული მიზნები დასახეს.
შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ხაზი გაუსვა თბილისსა და სოფიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის მნიშვნელობას, რომელსაც თბილისის მერმა სულ ცოტა ხნის წინ, სოფიაში ოფიციალური ვიზიტისას მოაწერა ხელი. მემორანდუმის მიზანია ქალაქების მართვის სფეროებში არსებული საერთო მიზნების განხორციელებისა და სასურველი შედეგების მიღწევის ხელშეწყობა, ასევე, არსებული ურთიერთობების გაღრმავება და გაფართოება ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის დარგებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით. ითანამშრომლებენ ქალაქგეგმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში.
დედაქალაქის მერმა ასევე, აღნიშნა, რომ სოფიაში ვიზიტისას იგი პირადად გაეცნო ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მუშაობას, მწვანე სივრცეების მოწყობისა და ეკოლოგიის საკითხებს, ასევე, მიკრობიოლოგიური ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებსა და ბულგარეთის გამოცდილების გაზიარებას, რაც თბილისისთვის პოზიტიური სიახლეების მომტანი იქნება.
ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვა-კოზლევამ, თავის მხრივ, ორ ქვეყანასა და დედაქალაქებს შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერების სურვილი დაადასტურა და ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა, მათ შორის იყო კულტურული კავშირების გაღრმავება, ტურისტების გაცვლა და მსხვილი უცხოური ინვესტიციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები