დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იტალიური ბიბლიოთეკა გაიხსნება

10 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე იტალიურ ბიბლიოთეკას გახსნიან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გახსნამდე პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ და მეორე კორპუსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას იტალიის რესპუბლიკის საელჩომ ელჩის, ანტონიო ბარტოლის, ინიციატივით ხუთი ათასამდე წიგნი  გადასცა. მათ შორისაა თანამედროვე იტალიური ლიტერატურა, იტალიის კულტურის შესახებ ალბომების უნიკალური კოლექცია და მდიდარი აუდიო-ვიდეო მასალა. პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის, 1629 წელს რომში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონის, შემდგენელ სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიური ბიბლიოთეკა სწორედ ამ წიგნადი ფონდის საფუძველზე შეიქმნა.
იტალიური ბიბლიოთეკა ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (გუდიაშვილის 7) მდებარე “ლიბერთი დარბაზში” განთავსდა. ავეჯითა და სხვა ინვენტარით ბიბლიოთეკის აღჭურვა იტალიის საელჩომ უზრუნველყო. მკითხველებს იტალიური ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა წიგნების აღწერისა და ბიბლიოთეკის დაკომპლექტების პროცესის დასრულებისთანავე ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები